გენერალური შტაბი

გენშტაბის უფროსი: მცდელობა, ჯარი ჩაითრიონ პოლიტიკურ პროცესში, ანტისახელმწიფოებრივია

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაია გამოეხმაურა ყოფილი სამხედროების მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს, რომლებშიც ყოფილი სამხედროები და პოლიციელები "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას გმობენ.

ჩაჩიბაიას თქმით, შეიარაღებული ძალების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს და ნებისმიერი მცდელობა, ჯარი პოლიტიკურ პროცესში ჩაითრიონ, სახიფათო და ანტისახელმწიფოებრივია:

"საქართველოს შეიარაღებული ძალების სახელით, გვსურს გამოვეხმაუროთ გარკვეულმედიასაშუალებებში გაკეთებულ განცხადებებს. საქართველოს შეიარაღებული ძალები არის პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი, რომლის მთავარი მიზანია ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვა. ეს ამოცანა გვავალდებულებს ვიყოთ ერთიანი, კონსოლიდირებული და მზად გამოწვევების გასამკლავებლად. შესაბამისად, ქართული ჯარი ეკუთვნის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და შედგება საზოგადოების წარმომადგენლებისგან განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესი, კონკრეტულად კი საპრეზიდენტო არჩევნები, საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს, აძლევს სამოქალაქო უფლებას დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი და ამით გამოხატონ პოზიცია.

კამპანიაში ჩართულ ადამიანებს, ყოფილ სამხედროებს მინდა, მივმართო და მოვუწოდო, რომ შეიარღებული ძალების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის ეწინააღმდეგება შეიარაღებული ძალების და მთლიანად ქვეყნის ინტერესებს. ნებისმიერი მცდელობა -ჯარი ჩაითრიონ პოლიტიკურ პროცესში არის სახიფათო და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. შეიარაღებული ძალები, მის თითოეულ ჯარისკაცთან ერთად კვლავ გააგრძელებს მიუკერძოებლად ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვას" -აცხადებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი.

კომენტარები