არჩევნები 2018

ევროკავშირის ელჩი: მიუღებელია ნეგატიურად განვითარებულ წინასაარჩევნო კამპანია და მუქარები

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, ქვეყანაში წინა საარჩვენო გარემო უარყოფითად შეაფასა. მისი თქმით, მუქარის შემცველი განცხადებები და სიძულვილის ენა მიუღებელია. 

ელჩი იმედოვნებს რომ მუქარის ფაქტებზე დაწყებული გამოძიება, მალე წარმატებით დასრულდება. 

"მიუღებელია, უარყოფითად ვუყურებთ საკმაოდ ნეგატიურად განვითარებულ წინასაარჩევნო კამპანიას. ეს ხორციელდება პროცესში ჩართული ყველა მხარისგან. მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს მათი არჩევანია. არის არჩევანი კანდიდატებისა, რომლებიც ამ კამპანიაში მონაწილეობენ. მიუღებელია სიძულვილის ენა და ის მუქარები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებებიდან და სხვადასხვა კანდიდატის მიმართ ისმის ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გამოძიება, რომელიც დაწყებულია ამ მუქარებთან დაკავშირებით, წარმატებით დასრულდება და მალე გამოძიებული იქნება ყველაფერი",- ამბობს ჰარცელი. (გამოყენებულია ტვ.პირველის თარგმანი) 

ელჩს პარლამენტის თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის გარდა ყველა კანდიდატი გამოირჩეოდა სიძულვილის ენით. 

"ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროკავშირის ელჩის სულისკვეთებას. ნამდვილად შემაშფოთებელი და აღმაშფოთებელია ის აგრესია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ საარჩევნო აგიტაციის პროცესში. ერთადერთი საარჩევნო კანდიდატი, რომელიც არ გამოირჩეოდა ამ კამპანიის მსვლელობისას სიძულვილით, აგრესიის ენით, იყო ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. დანარჩენი, თქვენ ხედავდით, რომ აბსოლუტურად გამსჭვალული იყო ეს წინასაარჩევნო აგიტაცია და კამპანია სიძულვილის ენით, ბილწსიტყვაობითაც კი, რაც არის სრულიად აღმაშფოთებელი და შემაშფოთებელი",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, გუშინ ბრიფინგი გამართა და სოციალური ქსელის მეშვეობით მუქარის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მუქარის ავტორები იდენტიფიცირებულები არიან და ისინი ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ყოფილი სამხედროები არიან.

კომენტარები