არჩევნები 2018

ISFED: მუქარა, რომელზეც ზურაბიშვილი საუბრობს, სისხლის სამართლის დანაშაულია

"სამართლიანი არჩევნები" ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც 9-10 და 11 ნოემბერს მას და და მის შვილებს, sms და ხმოვანი შეტყობინებებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

ISFED-ის განცხადებით, მუქარა, რომელზეც პრეზიდენტობის კანდიდატი საუბრობს, სისხლის სამართლის დანაშაულია.

ორგანიზაია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად და ეფექტურად მოახდინოს რეაგირება და მაქსიმალურად სწრაფად გამოიძიოს სავარაუდო მუქარის ფაქტი.​

"სამართლიანი არჩევნები აქამდეც შეშფოთებას გამოხატავდა პოლარიზებული საარჩევნო გარემოსა და მზარდი აგრესიული რიტორიკის გამოვლენის ფაქტებზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ სუბიექტებსა და მათ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ქმედებისა და განცხადებისაგან, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს საარჩევნო გარემოსთვის ძალადობრივი ფონის შექმნა", - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს გამართულ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა თქვა, რომ მას და მის შვილებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. სალომე ზურაბიშვილის ინფორმაციით, მუქარის ავტორები "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული ყოფილი სამხედროები არიან.

კომენტარები