"პატარა ხარ, მაგრამ გენდომება უკვე" - ეს მესიჯი 15 წლის გოგოს სავარაუდოდ, ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა გაუგზავნა.
შესაბამისი ფოტო ფეისბუქზე 4 ნოემბერს გავრცელდა. მიმოწერაში ჩანს, რომ კონკრეტული პირი არასრულწლოვნის სახელით ინტერესდება, პასუხის შემდეგ კი ასაკს ეკითხება. მას შემდეგ, რაც მოზარდი მას წერს, რომ 15 წლისაა, ის პასუხობს - "პატარა ხარ, მაგრამ გენდომება უკვე".

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანთან მიმოწერა სოციალურ ქსელში გავრცელდა, მან ფეისბუქის გვერდი გააუქმა.
უცნობია ისიც, ვინ არის არასრულწლოვანი, რომელსაც ეს მესიჯი გაუგზავნეს. გარდა ამისა, ამ ეტაპზე არ არსებობს მიმოწერის ავთენტურობის შესახებ ინფორმაციაც.
ტაბულა დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ ეს ეს ადამიანი მოწმის სახით უკვე გამოკითხეს. თუმცა რა თქვა საკრებულოს დეპუტატმა, უცნობია.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება ინტერნეტში გავრცელებული მასალის საფუძველზე დაიწყო და ამ ეტაპზე ადრესატის ვინაობის დადგენა მიმდინარეობს.
გარდა ამისა, სამინისტროში ამბობენ, რომ ეს ადამიანი შსს-ს თანამშრომელი არც ყოფილა და არც ახლა არის.
შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარეობს მოწმის სახით გამოკითხვები და მიმოწერის ნამდვილობას გამოძიება დაადგენს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სრულწლოვანის მხრიდან 16 წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილ ქმედებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.
ტაბულა ცდილობს მესიჯის სავარაუდო ავტორთან დაკავშირებას.





