გარყვნილი ქმედება

კაცს, რომელმაც 4 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედება ორჯერ ჩაიდინა, 17 წლით პატიმრობა მიესაჯა

მცირეწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებასა და ცივი იარაღის ტარებაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამ გადაწყვეტილებით ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები.

"დადასტურდა, რომ 2019 წლის სექტემბერში, ქუთაისში, ქურდობისთვის რამდენჯერმე ნასამართლევმა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ა.ლ-მ მეზობლის 4 წლის გოგონას მიმართ ორჯერ განახორციელა გარყვნილი ქმედება. ასევე ა.ლ. ატარებდა ხელჯოხ-დაშნას, რაც ცივ იარაღთა კატეგორიას მიეკუთვნება". –აცხადებს პროკურატურა.

სამართალდამცველებმა ა.ლ. 2019 წლის 24 სექტემბერს ქუთაისში დააკავეს და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ა.ლ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი; ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან), 238¹ -ე მუხლის მეორე ნაწილით (ცივი იარაღის ტარება) და განაჩენთა ერთობლიობით 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები