გაფიცვა

Google-ის თანამშრომლები კომპანიის ქალებისადმი მოპყრობის გასაპროტესტებლად გაიფიცნენ

Twitter

მსოფლიოს მასშტაბით კომპანია Google-ის თანამშრომლები გაფიცვებს აწყობენ და კომპანიაში ქალებისადმი მოპყრობას აპროტესტებენ. გაფიცვები ციურიხში, ლონდონში, ტოკიოში, სინგაპურში, ბერლინსა და სხვა ქალაქებში გაიმართა.

ისინი მოითხოვენ კომპანიამ შეცვალოს სექსუალური შევიწროვების ბრალდებების განხილვის არსებული პრაქტიკა, მათ შორის იძულებითი არბიტრაჟის პრაქტიკა. იძულებითი არბიტრაჟი კონტრაქტით გათვალისწინებული პირობაა, რომლის მიხედვითაც მოთხოვნები და საჩივრები კომპანიის შიგნით განიხილება და არა სასამართლოებში.

პროტესტი მას შემდეგ გაძლიერდა, რაც კომპანიამ სექსუალურ შევიწროვებაში დადანაშაულებულ თანამშრომელს, ენდი რუბინს, რომელიც ანდროიდის მობილური სისტემის ერთ-ერთი შემქმნელია, სამსახურის დატოვების შემდეგ კომპენსაციის სახით 90 მილიონი დოლარი გადაუხადა.

სექსუალურ შევიწროვებაში დადანაშაულების გამო კომპანიამ უკვე სულ მცირე 48 თანამშრომელი დაითხოვა.

გაფიცული თანამშრომლები ასევე მოითხოვენ ანაზღაურებასა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებში თანასწორობას, სექსუალური შევიწროვების შესახებ ანგარიშების გასაჯაროვებას, სექსუალური შევიწროვების საჩივრების ანონიმურობას და სამმართველო საბჭოში თანამშრომლების წარმომადგენლების დანიშვნას.

გუგლის აღმასრულებელმა დირექტორმა თქვა, რომ მზად არის გაითვალისწინოს თანამშრომლების მოთხოვნები.

კომენტარები