არჩევნები 2018

კალაძე: ძალაუფლების კონცენტრაციამ გადაჭარბებული თვითდაჯერებულობა შეგვმატა

ქართული ოცნება

"გზავნილი მიღებულია და ჩვენ მზად ვართ  ქმედითი ნაბიჯებით ვუპასუხოთ ამ გამოწვევას" - ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დღეს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. კალაძის თქმით, არჩევნების პირველი ტურის შედეგებმა, არაერთი მნიშვნელოვანი რამ ცხადჰყო, მათ შორის ის, რომ ქვეყანაში ბევრი რამ შესაცვლელია. კალაძე ამბობს, რომ ძალაუფლების კონცენტრაციამ, მმართველ გუნდს გადაჭარბებული თვითდაჯერებულობა შემატა.

"ამ არჩევნებით ხალხმა გამოგვიგზავნა შეტყობინება, რისი შეგრძნება გარკვეულწილად ყველას გვქონდა, რომ  ქვეყანაში ბევრი რამე შესაცვლელია, შესაცვლელია სწრაფად, ეფექტურად და თითოეული მოქალაქის ინტერესის გათვალისწინებით. სამწუხაროდ, როგორც ყველა ხელისუფლებას, ჩვენც ძალაუფლების კონცენტრაციამ, შეიძლება ითქვას გადაჭარბებული თვითდაჯერებულობა შეგვმატა და შესაბამისად, მთელ რიგ შემთხვევებში არ ხდებოდა ადეკვატური უკუკავშირი, კომუნიკაცია საზოგადოებასთან. ამის  შედეგი იყო ისიც, რომ მხოლოდ შიდა კვლევების მონაცემებს ვეყრდნობოდით, რამაც კიდევ უფრო შეასუსტა განწყობების აღქმა. თუმცა ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ორგანიზაციისთვის მსგავსი „გამოფხიზლება“, ახალი და ეფექტური რეაგირების, სწრაფი ცვლილების დასაბამია. გუნდში გასაძლიერებელია პოლიტიკური მენეჯმენტი, გასაძლიერებელია კომუნიკაცია, გასაძლიერებელია ინსტიტუტები, გადაწყვეტილებები უნდა გახდეს უფრო სწრაფი და ეფექტიანი, შედეგზე, ადამიანების რეალური პრობლემების გადაწყვეტაზე ორიენტირებული. გზავნილი მიღებულია და  ჩვენ მზად ვართ  ქმედითი ნაბიჯებით ვუპასუხოთ ამ გამოწვევას." - ამბობს კალაძე.

კახა კალაძის თქმით, ოცნების მხრიდან დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერამ შეასუსტა მათი ამომრჩევლების მობილიზაციის პროცესი.

"არჩევნების შედეგში ჩვენი ამომრჩევლის ნაკლები მობილიზაციის ერთ-ერთ მიზეზად იმასაც განვიხილავთ, რომ პარტიამ არ წარადგინა საკუთარი კანდიდატი და დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერამ შეასუსტა ჩვენი ამომრჩევლების მობილიზაციის პროცესი. დარწმუნებულები ვართ, რომ  მეორე ტურში, როცა ნათლად გამოიკვეთა  ორი პოლუსი, როცა არჩევანი გასაკეთებელია სიცრუესა და სიმართლეს, ძალადობასა და თავისუფლებას შორის,  მოხდება მაქსიმალური კონცენტრაცია და ჩვენ ერთად, აუცილებლად გავიმარჯვებთ საპრეზიდენტო არჩევნებში და რაც მთავარია, ერთად აუცილებლად დავძლევთ ყველა გამოწვევას. ბუნებრივია, ჩვენ ვართ თვითკრიტიკულები, ვიღებთ პასუხისმგებლობას ყველა სუბიექტური ფაქტორის აღმოფხვრაზე, თუმცა პრობლემებს აქვს  ობიექტური მიზეზებიც- მძიმე ეკონომიკური ვითარების ფონზე, ბოლო რესურსებით ამუშავებულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ და სრულად ნეგატიურმა კამპანიამ თავისი შედეგი გამოიღო. ჩვენ საპასუხო რეჟიმში ვეკონტაქტეთ ჩვენს ოპონენტებს, რა დროსაც, საზოგადოების რეალური პრობლემები გვერდით დარჩა. სწორედ ის პრობლემები, რომელთანაც მხოლოდ ერთად დგომით შევძლებთ გამკლავებას." - ამბობს კალაძე.

ცესკომ ხმების 99.97% უკვე დათვალა. ქართული ოცნების მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38,64% მიიღო, ძალა ერთობაშიას კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი - 37,74. ევროპილი საქართველოს კანდიდატმა დავით ბაქრაძემ - 10,97.

შედეგების მიხედვით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ის ქართული ოცნების მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილსა და "ძალა ერთობაშიას" კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის შედგება, ვინაიდან არჩევნებში მონაწილე ვერც ერთმა სუბიექტმა ვერ დააგროვა ხმების 50%-ზე მეტი, პირველ და მეორე ადგილებს კი სწორედ ისინი იყოფენ. 

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მოსახლეობის აქტივობა 46.74% იყო. კენჭისყრაში მონაწილეობა სულ 1 637 956-მა ამომრჩეველმა მიიღო. ყველაზე მაღალი აქტივობა იყო ქედაში (64.74%), ხოლო ყველაზე დაბალი - მარნეულში (36.47%). რაც შეეხება თბილისს, ამომრჩევლის აქტივობამ 45.4% შეადგინა.

2018 წელს პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ ვირჩევთ, ამასთან, გამონაკლისის სახით, 6 წლით. 2024 წელს, მას შემდეგ, რაც ახალი კონსტიტუცია ძალაში შევა და საპარლამენტო არჩევნებიც განახლებული სისტემით ჩატარდება, პრეზიდენტს 300 ადამიანისგან შემდგარი კომისია აირჩევს, რომელთაგანაც 150 წევრი დეპუტატი იქნება, დანარჩენი 150 კი - აკადემიური და პროფესიული წრეების წარმომადგენელი. 

 

კომენტარები