ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ევროპის ქალაქებში შექმნილი საარჩევნო უბნების ოქმების უმრავლესობა გამოაქვეყნა. ევროპის ორი ქვეყნის გარდა, ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ყველგან დამარცხდა, მათ შორის, საფრანგეთში - სადაც დაიბადა და გაიზარდა.
დეტალურად:
საფრანგეთში, პარიზში შექმნილ საარჩევნო უბანზე ქართული ოცნების მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 35 ამომრჩევლის ხმა მიიღო, "ძალა ერთობაშია"-ს კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 41, ხოლო ევროპული საქართველოს კანდიდატმა დავით ბაქრაძემ - 22.
- გერმანია - ორი საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა 17 ხმა მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ 101.
- ესპანეთი - სალომე ზურაბიშვილმა 16 ხმა მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ - 65.
- ესტონეთი - გრიგოლ ვაშაძეს საქართველოს 18-მა მოქალაქემ დაუჭირა მხარი, სალომე ზურაბიშვილს - ცხრამ.
- იტალია - გრიგოლ ვაშაძემ 18 ხმა მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა - 12.
- კვიპროსი - გრიგოლ ვაშაძეს 19-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, ზურაბიშვილს - 6-მა.
- ლატვია - გრიგოლ ვაშაძეს - 11 მხარდამჭერი ჰყავს, სალომე ზურაბიშვილს - 4.
- მოლდოვა - გრიგოლ ვაშაძეს 13-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, ზურაბიშვილს - 4-მა.
- ნიდერლანდების სამეფო - გრიგოლ ვაშაძეს 25 მომხრე ჰყავს, სალომე ზურაბიშვილს - 13.
- პოლონეთი - გრიგოლ ვაშაძეს 22-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, ზურაბიშვილს - 11-მა.
- შვედეთი - 30 ხმა გრიგოლ ვაშაძეს, 9 ხმა - სალომე ზურაბიშვილს.
- შვეიცარია - გრიგოლ ვაშაძემ - 20 მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა 9, დავით უსუფაშვილმა - 12;
- ნორვეგია - 10 ხმა გრიგოლ ვაშაძე, 2 ხმა - სალომე ზურაბიშვილი;
ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატი ევროპის ქვეყნებიდან მხოლოდ პორტუგალიასა და ჩეხეთში იგებს. ლისაბონში გახსნილ საარჩევნო უბანზე სალომე ზურაბიშვილმა 8 ამომრჩევლის ხმა მიიღო, დავით ბაქრაძემ და ზურაბ ჯაფარიძემ 6-6 ხმა, გრიგოლ ვაშაძემ - 2 ხმა. პრაღაში კი, სალომე ზურაბიშვილმა 25 ხმა მოაგროვა, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ - 22.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია საბერძნეთში, ლიეტუვასა და უნგრეთში გახსნილი უბნების საარჩევნო ოქმები.
ბოლო მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე დათვლილია ხმების 96.4%. ქართული ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს ხმების 38.62% აქვს, ხოლო "ძალა ერთობაშია"-ს კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს - 37.74%.





