არჩევნები 2018

მდინარაძე: ენმ-მ და R2-მა კანონმდებლობა დაარღვიეს, დამკვირვებლებმა ასახონ დარღვევები

მამუკა მდინარაძე
საქართველოს პარლამენტი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, "საარჩევნო უბნების უმრავლესობაში კომისიის წევრები ნაციონალური მოძრაობიდან და სხვა ოპოზიციური პარტიებიდან არ მონაწილეობენ ფუნქციების გამანაწილებელ წილისყრაში, რაც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს". მისივე მტკიცებით, გუშინ, გვიან ღამით, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები რამდენიმე უბანში შესვლას და ვიდეოკამერების დამონტაჟებას ცდილობდნენ.

"ეს ასევე ეწინააღმდეგება საარჩევნო კანონმდებლობას. რუსთავის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ტარდება ეგზიტპოლი როგორც ქართული ოცნების, ისე ნაციონალური მოძრაობის პარტნიორი კვლევითი ორგანიზაციების მიერ. აღნიშნულ უბანზე ნაციონალური მოძრაობის კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები ხელს უშლიან ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს ეგზიტპოლის ჩატარებაში.

კანონმდებლობის უხეში დარღვევა დაფიქსირდა ასევე სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, როდესაც პარტიულმა ტელევიზიამ უგულებელყო არჩევნების დღეს აგიტაციის აკრძალვის პრინციპი და გუშინდელი ღამე ანუ დღევანდელი დღე უკვე 12 საათიდან დაუთმო ჩვენ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის ანტირეკლამას, ცილისწამებას და შეურაცხყოფას.

მოვუწოდებთ იდამკვირვებლებს, სათანადოდ ასახონ აღნიშნული დარღვევები თავიანთ ანგარიშებში. მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციას, მიიღოს ყველა ზომა საარჩევნო პროცედურების დასაცავად. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიიღონ ყველა ზომა შესაძლო პროვოკაციების აღსაკვეთად და ინციდენტების პრევენციისათვის. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი არჩევნების თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარებაზე.

ასევე, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ არჩევნებს, არ დაუშვან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა და პროვოკაციები. დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ მაღალი სტანდარტით უზრუნველვყოფთ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. და ბოლოს, მოვუწოდებთ ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ" - განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საქართველოს მოსახლეობამ რიგით მეხუთე პრეზიდენტი უნდა აირჩიოს. ახალი კონსტიტუციის მიხედვით, ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც ამომრჩეველი პრეზიდენტს პირდაპირი წესით აირჩევს.

არჩევნებში მონაწილეობს პრეზიდენტობის 25 კანდიდატი, მათ შორის 19 – პოლიტიკური პარტიის, ხოლო ექვსი – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერაა წარდგენილი. პრეზიდენტობის კანდიდატს არჩევნებში გამარჯვებისთვის 50%-ს + 1 ხმა სჭირდება. თუ არჩევნებზე მისული მოსახლეობის ნახევარზე მეტი არ დაუჭერს მხარს რომელიმე კანდიდატს, მეორე ტური დაინიშნება.

კომენტარები