კორუფცია

უგულავა: ვიქტორ ჯაფარიძეს, მის ცოლსა და მთავრობას შორის კორუფციული გარიგება შედგა

გიგი უგულავას ინფორმაციით, ქართული ოცნების დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის ცოლმა, ნათია ხვისტანმა მესტიის სასტუმროს მფლობელი კომპანიის 30%-იანი წილი მიიღო, ცოტა ხნის წინ კი მან სალომე ზურაბიშვილს 50 ათასი ლარი შესწირა. 

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მათ საინვესტიციო ვალდებულებები არ შეასრულეს, შემდეგ კი პირგასამტეხლოსგანაც გათავისუფლნენ

კერძოდ, უგულავას თქმით:

არსებობს შპს "ოლსიზენი“, რომელსაც 2012 წლის 10 ივლისს სახელმწიფომ მესტიაში უძრავი ქონება გადასცა. მას უნდა განეხორციელებინა 2,7 მლნ ლარის ინვესტიცია ან უნდა აემუშავებინა სასტუმრო.

თუმცა, შპს „ოლსიზენმა” სახელმწიფოსგან დაკისრებული საინვესტიციო ვალდებულება არ ან ვერ შეასრულა. 

უგულავას შეფასებით, კომპანიას სახელმწიფომ ნახევრად დასრულებული შენობა მესტიაში სასტუმროს გასაკეთებლად გადასცა, თუმცა, ეს არ განხორციელდა.

"ამ არჩევნებზე ნათია ხვისტანი ზურაბიშვილს სწირავს 50 ათას ლარს. ამ კომპანიას ქართული ოცნების მთავრობამ სამჯერ გადაუვადა პირობის შესრულება - პირგასამტეხლო, რომელიც უნდა გადაეხადა ჩამოუწერა და მეტიც, წინსწრებით, ინდულგენციის მსგავსად წინასწარ უთხრა, თუ კიდევ არ შეასრულებ პირგასამტეხლოს, მაინც არ გადაიხდიო. საბოლოოდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი გაკეთდა, რათა ქართული ოცნების დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ამ სასტუმროს მეწილე გამხდარიყო.

ერთია, რომ მათ პირდაპირ საკუთრებაში წაიღეს ეს ყველაფერი, მაგრამ მეორეა, რომ არაფერი გაკეთებულა. ანუ 6 წელი შენობა ფუჭდება იმის ნაცვლად, რომ იქ ტურისტები ისვენებდნენ.

მე მინდა ბატონ ივანიშვილს მივმართო და ვუთხრა ხვალისთვის ჩვენ აგერ ამ მასალებს შემიძლია მე გავუგზავნო და ხვალისთვის მინდა მოვისმინოთ ახსნა უკვე არა ირაკლი სესიაშვილთან დაკავშირებით არამედ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებით. როგორ ხდება, რომ სახელმწიფო ქონება ადამიანებს გადაეცემა, ვალდებულებებს არ ასრულებენ და უკვე ღიად, პირდაპირ მონაწილეობენ ქართული ოცნების დეპუტატები, მაღალჩინოსნები და მათი ოჯახის წევრები", - თქვა უგულავამ. 


ფოტო: ევროპული საქართველო

კომენტარები