მიწისზედა მეტრო

სამგორიდან ლილოსა და აეროპორტის მიმართულებით, მიწისზედა მეტროს აშენება იგეგმება

თბილისის მერია სამგორიდან ლილოსა და აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტროს აშენებას გეგმავს. ამის შესახებ თბილისის მერმა დღეს ეკოტრანსპორტის პრეზენტაციაზე ისაუბრა. კალაძის თქმით, პროექტის განხორციელება 2019 წლის ბოლოს დაიწყება და 90 მილიონი დოლარი დაჯდება.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომლის განხორციელებას ჩვენ ვიწყებთ 2019 წლის ბოლოს, დაახლოებით 8 ახალი სადგური აშენდება ამ პროექტის ფარგლებში, დაიხარჯება 90 მილიონი დოლარი, აქედან 30 მილიონამდე არის თვითონ მეტროს ვაგონების ღირებულება, დანარჩენი წავა ინფრასტრუქტურის მოწყობაზე. მგონია, რომ მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან 200 000-ზე მეტ ადამიანს მოემსახურება. ასევე მინდა გითხრათ, რომ პირველ ეტაპზე 6 სრულიად ახალი შემადგენლობა იმოძრავებს ამ მიმართულებით, მოცდის შუალედი პირველ ეტაპზე იქნება 10 წუთი, თუმცა მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ ამას შევამცირებთ. ჯამში ეს ყველაფერი, შექმნის საფუძველს იმისთვის, რომ ქალაქში დამკვიდრდეს წესრიგი, შეიქმნას სუფთა გარემო და კომფორტი ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამ გეგმის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა, რომა რა ცენტრალური ხელისუფლების თანადგომა და მხარდაჭერა.“ - ამბობს კალაძე.

ასევე მერიის ინფორმაციით, 2021 წლიდან 2022 წლის ბოლომდე ექსპლუატაციაში ეტაპობრივად შევა 7 ახალი სადგური და სრულად განახლებული მეტროსადგური სამგორი: მეტროსადგური სამგორი 2, კახეთის გზატკეცილი, ისთ პოინთი, ორხევი, აეროპორტის დასახლება, აეროპორტი, ლილოს დასახლება, ლილოს ბაზრობა,

მერიის ინფორმაციითვე, მიწისზედა მეტროს განვითარების მეორე ეტაპზე იგეგმება, თბილისი-რუსთავის დაკავშირება მიწისზედა მეტროს საშუალებით.

კომენტარები