ერთა ლიგა

ვლადიმირ ვაისი: ქართული ფეხბურთი ახალ ეტაპზე გადავიდა

GFF

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მე-4 ტურის მატჩში ლატვია მისსავე მოედანზე 3:0 დაამარცხა და პლეი ოფის საგზური მოიპოვა. მატჩის შემდეგ, ჯვაროსნების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, ყველა ქართველი გახარებულია. ეს საერთო გამარჯვებაა და ყველას გილოცავთ. პირველ ადგილზე გასვლა მნიშვნელოვანი იყო.

დღევანდელი მოგებით ბედნიერი ვარ. ჩემი სამწვრთნელო შტაბისთვის ეს საუკეთესო მატჩი იყო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის დიდ მადლობას ვუხდი.

რეიტინგში წინსვლისთვის, დარჩენილი მატჩებიც უნდა მოვიგოთ. ეს აუცილებელია, რადგან მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპებზე უკეთეს ლიგაში მოვხვდეთ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ქართული მედიისგან სითბოს ვგრძნობდი. ამიერიდან, ქართული ფეხბურთი ახალ ეტაპზე გადავიდა. 

აღსანიშნავია გიორგი ჩაკვეტაძის ტალანტი და პროგრესი. ფეხბურთელში ასეთი სწრაფი წინსვლა არასდროს მინახავს. გიორგი სხვა ახალგაზრდებისთვის სამაგალითოა. თუ გვეყოლება 10 კანკავა, 10 კაშია და 10 ჩაკვეტაძე, დიდ მიზნებს მივაღწევთ. 

დღევანდელი მატჩის შემდეგ, პირველი ადგილი საბოლოოდ დავისაკუთრეთ და იმედია, ყაზახეთთან თბილისში გასამართ მატჩში სტადიონზე ბევრი გულშემატკივარი მოვა", - დაასრულა ვაისმა.

ნოემბერში, ერთა ლიგის დასკვნით ორ მატჩში, საქართველოს ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს, შემდეგ - ანდორას ეწვევა.

კომენტარები