საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

საპატრიარქო ნარკოტიკებთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის მოწოდებას ავრცელებს

დონალდ ტრამპი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო, ოფიციალურ ვებგვერდზე აშშ-ის პრეზიდენტის მოწოდებას ავრცელებს, სათაურით: "აშშ-ს პრეზიდენტმა მსოფლიოს ნარკოტიკებთან ბრძოლაში გაერთიანებისკენ მოუწოდა".

საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ:

"აშშ-ს პრეზიდენტმა, ბ-ნმა დონალდ ტრამპმა  გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მსოფლიოს ნარკოტიკებთან ბრძოლაში გაერთიანებისკენ მოუწოდა.

"ეს პრობლემა მსოფლიოს ყველა ერს ეხება. ნარკოტიკები აშშ-სა და მთელ მსოფლიოში უამრავ სიცოცხლეს ღუპავს. თუ ერთობლივად ვიმოქმედებთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მრავალ ადამიანს გადავარჩენთ. დღეს პირობას ვდებთ, რომ ამ საფრთხეს ერთად შევებრძოლებით", – განაცხადა მან.

ამასთან, გაეროს 129 წევრმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ვაშინგტონის მიერ მომზადებულ ერთგვერდიან დოკუმენტს, რომელიც ნარკოტიკებთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებას და ამ საკითხში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას ითვალისწინებს", - წერს საქართველოს საპატრიარქო. 

ნარკოტიკები მართლმადიდებელი ეკლესიის დღის წესრიგის პრიორიტეტებშია. 

საქართველოს მთავრობამ 16 სექტემბერს განაცხადა, რომ მარიხუანის საექსპორტო პოტენციალს სწავლობდა. განიხილებოდა მოდელი, რომლის მიხედვითაც საქართველოში მოიყვანდნენ და გადაამუშავებდნენ მარიხუანას, რომელიც სამედიცინო მიზნებისთვის იქნება განკუთვნილი. გადამუშავებული პროდუქტი კი ექსპორტზე უნდა გასულიყო. ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც.

მთავრობის ინიციატივას საქართველოს საპატრიარქოსა და სასულიერო პირების ნაწილის პროტესტი მოყვა. ისინი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომასაც დაესწრნენ, სადაც შსს-ის მიერ მომზადებული კანონპროექტი განიხილებოდა. 

მალევე, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება, რომ მარიხუანის ექსპორტის შესახებ ინიციატივა შეჩერდა, საჭიროების შემთხვევაში კი მას პარლამენტიდან საერთოდ გაიწვევენ.

კომენტარები