სახელმწიფო და ეკლესია

წულუკიანი: ჩვენი პატრიარქი ყოველთვის ამბობდა, რომ ეკლესია არის აპოლიტიკური

იუსტიციის სამინისტრო

ჩვენი პატრიარქი ყოველთვის ამბობდა, რომ ეკლესია არის აპოლიტიკური - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი საქართველოს პატრიარქის, ილია მეორეს გუშინდელ მიმართვას, სადაც ის სასულიერო პირებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ პოლიტიკური განცხადებებისგან. 

"ჩვენი პატრიარქი ყოველთვის, მე რაც ჩართული ვარ, როგორც მოქალაქე ვინც ტელევიზიით ადევნებდა მოზარდობიდან დაწყებული პოლიტიკურ პროცესებს ამ ქვეყანაში და შემდეგ უკვე პოლიტიკაში ჩართული ადამიანი. ყოველთვის, ჩვენი პატრიარქი ამბობდა რომ ეკლესია არის აპოლიტიკური. რომ ეკლესია არ შეიძლება მხარს უჭერდეს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან კანდიდატს და ის ყოველთვის თავადაც იცავდა ამ წესს. ამიტომ მის განცხადებაში არც ახალია რაიმე, არ გასაკვირი და ბუნებრივიც არის საერო სახელმწიფოში, როგორიც არის საქართველო",- ამბობს წულუკიანი. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე სასულიერო პირმა პრეზიდენტობის ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკა, რასაც ამ უკანასკნელმა გადაცემაში - "პირისპირ" უპასუხა და თქვა, რომ არ ესმის ეკლესია ამ დონემდე, რატომ იღებს მონაწილეობას პოლიტიკურ საკითხებში. 

"ეკლესიის ამ დონის ფიგურები ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე და რაშიდაც არ უნდა ერეოდნენ, ერთი მხრივ თუ მეორე მხრივ - არც მხარდაჭერით და არც ლანძღვა-გინებით, რაც არ ეკადრება, არც ჩვეულებრივ ადამიანს და კიდევ ნაკლებად - მეუფეებს"- თქვა ზურაბიშვილმა. 

საქართველოს პატრიარქმა გუშინ სასულიერო პირებს თავშეკავებისკენ მოუწოდა. 

"მოვუწოდებთ მოძღვრებს, მღვდელმთავრებს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებისგან, მათ ასევე შევახსენებთ, რომ ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური ერის გამაერთიანებელი ძალა და ჩრდილს ნუ აყენებენ მას და საკუთარ თავს"- წერია პატრიარქის მიმართვაში.

კომენტარები