შინაგან საქმეთა სამინისტრომ ,,საგამოძიებო სისტემის რეფორმაზე“ კონფერენცია გამართა, რომელიც შს მინისტრმა გახსნა.
სიტყვით გამოსვლისას გიორგი გახარიამ, კრიმინალური პოლიციის რეფორმის მიმდინარეობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, 15-20 წლის განმავლობაში კრიმინალურ პოლიციაში არათუ რეფორმა, არამედ რაიმე მსგავსიც კი არ განხორციელებულა.
„მოგეხსენებათ, რომ ბოლო 15-20 წლის განმავლობაში საგამოძიებო კომპონენტი და საერთოდ კრიმინალურ პოლიციაში რეფორმების მსგავსი არაფერი მომხდარა, რაც რა თქმა უნდა, სერიოზულ ზეგავლენას ახდენდა საპოლიციო საქმიანობის ხარისხზე. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულება და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი დღევანდელი რეფორმების და ნაბიჯების მიზეზი და მიზანი არ გახლავთ სტატისტიკური მონაცემების გაუმჯობესება. ჩვენი ძირითადი მიზანი და ამოცანა გახლავთ ხარისხი - ხარისხის გაუმჯობესება",- ამბობს გახარია.
მინისტრის თქმით, სწორედ ახლა, კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში მიმდინარეობს საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო მიმართულებების ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯვნა და სამივე მიმართულების გაძლიერების გზით, კრიმინალური პოლიციის საქმიანობის ხარისხის ამაღლება.
"ჩვენი რეფორმების საწყის ეტაპად, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვაღიაროთ და ვთქვათ, რომ დღეს ერთმნიშვნელოვნად განვიხილავთ კვალიფიკაციის პრობლემებს საგამოძიებო ნაწილში. მე ვსაუბრობ ახლა, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროზე. ამას აქვს თავისი ობიექტური ახსნაც, რამეთუ, ბოლო წლების განმავლობაში, როგორც პრაქტიკაში, ასევე საკანონმდებლო ჩარჩოს გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელი, ფაქტობრივად სრულად დამოკიდებული არის საპროკურორო საქმიანობაზე, უფროს პროკურორზე",- ამბობს მინისტრი.
მისი თქმით, პასუხისმგებლობის და კომპეტენციის გაზრდა შეუძლებელი იქნება იქ სადაც უფლებამოსილების ნაწილი არ იქნება უფრო თავისუფალი და უფრო დამოუკიდებელი.
"დღეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ რეფორმებზე, რა თქმა უნდა, უნდა ვისაუბროთ ამ უფლებამოსილების გადანაწილებაზეც, როგორც პრაქტიკულ დონეზე, ასევე, საკანონმდებლო ჩარჩოს დონეზე და ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც უნდა განვახორციელოთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება შინაგან საქმეთა სამინისტროში, რადგან ჩვენ კარგად გვესმის კრიმინალურ პოლიციაში, საუბნო, ოპერატიული და საგამოძიებო, ერთმნიშვნელოვნად გვაქვს პოზიცია, რომ საგამოძიებო კომპონენტი ჩვენს სტრუქტურაში უნდა იყოს გარკვეულწილად ელიტა. ეს უნდა იყოს ის ინტელექტუალური ბირთვი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საპოლიციო საქმიანობის მაღალი ხარისხი",- აღნიშნა მან.





