World Upside Down

ბოკერია: ქართული საზოგადოება თავისუფალი არჩევნებით მიიტანს სათქმელს ადრესატამდე

პარლამენტი

ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ დღეს კონფერენციაზე, სახელწოდებით "მსოფლიო თავდაყირა" - World Upside Down, იმ პრობლემების და გამოწვევების შესახებ ისაუბრა, რომლებიც საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკაში აქვს. 

ბოკერიას გამოსვლის ერთ ნაწილს ტაბულა სრულად გთავაზობთ: 

"საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეები სასტიკად დახოცეს. ამის გამო არავინ დასჯილა. ამ კრიმინალს ზურგს რუსეთი და მისი საოკუპაციო ძალები უმაგრებენ. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში აგრესიის შემდეგ დასავლეთში რუსეთის აღქმა ძალიან შეიცვალა, საქართველოს საკითხი არ არის რუსეთთან მაღალი დონის დისკუსიის შემადგენელი ნაწილი. 

NATO-ს წევრობის გზაზე პროგრესი, რაც ყოველთვის პრობლემური იყო, დაბრკოლებულია. დიახ, განცხადებები ძალიან კარგია, მაგრამ რეალობა ის არის, რომ ჩვენ ვბრკოლდებით ალიანსთან დაახლოების გზაზე. 

ჩვენ დიდი პრობლემები გვაქვს. შესაძლოა, ამ პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობათა უმეტესობა არ არის უშუალოდ საქართველოს ხელში, მაგრამ არის გარკვეული საკითხები, რომელიც სრულად ჩვენს ხელშია. ამიტომ, მოკლედ ვიტყვი, რა უნდა გავაკეთოთ და რა არ უნდა გავაკეთოთ: 

უნდა დავრწმუნდეთ, რომ არ ვახდენთ პრორუსული ძალებისა და პრორუსული ნარატივის ლეგიტიმაციას. მხარს ვუჭერ ყველას გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის, ფაშისტებისა და კომუნისტების. მჯერა, რომ ისინი ციხეში არ უნდა მიდიოდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ პუტინის მხარდამჭერი არიან. ეს ფუნდამენტური საკითხია ჩემთვის, მაგრამ, ვფიქრობ, განსაკუთრებით საშიში და მორალურად არასწორია, მოვეპყროთ მათ, როგორც ლეგიტიმურ პარტნიორებს. მათ უნდა მოვექცეთ როგორც პოლიტიკურ ნარჩენებს და გავრიყოთ

სამწუხაროდ, ასე არ ხდება. ჩვენ ვხედავთ ძალიან საშიშ განვითარებას. საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად პარლამენტში ღიად ანტიდასავლური პარტია გვყავს, რომელსაც მმართველი გუნდი კარგი პარტნიორივით ექცევა. ეს დიდი შეცდომაა. ვხედავთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში ანტიდასავლური, სტალინისტური ფრაქცია შეიქმნა. კანონმდებლობა შეიცვალა, რომ მათ სახელმწიფო ფინანსების გამოყენების უფლება ჰქონოდათ. ეს არ უნდა გავაკეთოთ. 

ჩვენ არ უნდა დავუჭიროთ მხარი რუსულ ძალებს, რომლებმაც შემოაღწიეს ჩვენს მედიასა და საჯარო სივრცეში იდეით, რომ უცხოელები საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენენ. არ უნდა მივცეთ მათ გამარჯვების საშუალება უცხოელებზე მიწის გასხვისების აკრძალვით. ჩვენ არ უნდა დავადასტუროთ მათი დღის წესრიგი და შევცვალოთ კონსტიტუციის ჩანაწერი „დასავლური საფრთხეებისგან“ ოჯახის დაცვის საბაბით.
ასევე, არ უნდა დავუშვათ შეცდომები, რომლებიც ზოგჯერ დანაშაულის ტოლფასია. 

ჩვენ არ გვჭირდება იმგვარი კამპანიის დაწყება, როგორიც მმართველი გუნდის კანდიდატმა დაიწყო განცხადებით, რომ ემიგრაცია ყველაზე დიდი საფრთხეა და ჩინელები არ იხოცებიან. ჩვენ არ გვყავს აქ ჩინელები. რომც გვყავდეს, ეს განცხადება რუსულ ნარატივს ადასტურებს. ჩვენ არ გვჭირდება რუსული ნარატივის მიღება 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულებით, როგორც ეს ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატმა თქვა. ეს ყველაფერი დიდი შეცდომაა. 

ვეთანხმები პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ამის წინააღმდეგ. მაგრამ პრობლემაა, როდესაც ჩვენ ვხედავთ ულტრამემარჯვენე ან ულტრამემარცხენე პრორუსულ ჯგუფებს, რომლებიც პირდაპირ ეთერში ძალადობენ მედიაზე, ლიბერალ აქტივისტებსა და უმცირესობებზე. არც ერთი მათგანი არ დასჯილა და ციხეში არ ჩაუსვამთ, ისინი თავისუფლად დადიან. ეს აძლიერებს რუსეთის პოზიციებს საშინაო პოლიტიკაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები 6 წლის შემდეგაც საპყრობილეში რჩებიან. მათ შორის, ისინიც, ვინც საქმე სტრასბურგის სასამართლოში მოიგო. ეს პრობლემაა. საქართველო არ უნდა იყოს უკანასკნელი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც ყოფილი პოლიტიკური ლიდერი დაკავებული ჰყავს მიუხედავად სტრასბურგში მეთვრამეტე მუხლით გამართლებისა - აზერბაიჯანმა რამდენიმე კვირის წინ გაათავისუფლა ბოლო დაპატიმრებული ადამიანი. 

ეს პრობლემაა არა ჩემი პოლიტიკური კუთვნილების თუ პერსონალური დამოკიდებულების გამო, ეს პრობლემაა პოლიტიკური კლიმატისთვის. ჩვენ წინ უნდა წავიდეთ, უნდა დავხუროთ ისტორიის ის თავი, როდესაც ჩვენ გვაქვს დიდი უთანხმოებები და გავერთიანდეთ ჩვენი ღირებულებების ირგვლივ. 

ახლა ვუსმენდი პრემიერმინისტრს და ერთი წლის წინ აქ წინა პრემიერმინისტრი იყო. ჩვენ გვყავდა პრემიერი, რომელიც ახლა არსად არსებობს. თავისი Facebook გვერდიც წაშალა. ეს არ არის ნორმალური. ჩვენ გვჭირდება, რომ პრემიერმინისტრები არ გაქრნენ.

სისტემა, რომელშიც პარტიის თავმჯდომარე არის ქვეყნის ხელმძღვანელი, საბჭოთა სისტემაა. კომუნისტური პარტია ასე მუშაობდა. ეს პრობლემაა და მე არ ვაპირებ ახლა პოლიტიკური ქულის დაწერას. ეს არის ის, რაც ჩვენ მოწყვლადებს გვხდის. არ მინდა, რომ ეს პრემიერმინისტრი, მიუხედავად მრავალ საკითხში უთანხმოებისა, ხვალ გაქრეს. იმიტომ, რომ ეს არ არის ნორმალური სისტემა. 

ვეთანხმები პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძეს, ჩვენ გვაქვს ჩვენი საქმიანი ურთიერთობა პარლამენტში. ეს კარგია. მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ პარლამენტი უფრო ძლიერი იყოს. წინა პრემიერმინისტრმა ისე დატოვა თანამდებობა, არც ერთხელ მოვიდა პარლამენტში გამოძახების დროს. ის მხოლოდ მაშინ მოდიოდა, როცა ნდობის გამოცხადება იყო საჭირო. ეს არ არის ნორმალური, ეს მოწყვლადს გვხდოს

სრულიად ნეგატიური რომ არ ვიყო, მთლიანობაში მჯერა: ფაქტი, რომ ქართულმა საზოგადოებამ, ყველა გამოწვევის მოუხედავად, მოახერხა პოლიტიკური კლასის ჩამოყალიბება, ინსტიტუტების ფორმირება, რომლებიც ფუნქციონირებს და არ არის კორუფ​ციული და ამით რეგიონში ლიდერია გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს;

ფაქტი, რომ წინა მთავრობა, რომლის ნაწილი მეც ვიყავი, შეიცვალა არჩევნების გზით, მშვიდობიანად, კონსტიტუციის ფარგლებში, გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს;

ფაქტი, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩრდილელი მეზობლის ყველა მცდელობისა და ჩვენი მთავრობის ყველა არასწორი ნაბიჯის მიუხედავად, სრულად უჭერს მხარს ჩვენს დასავლურ არჩევანს, არის ოპტიმიზმის საფუძველი. 

სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოება ძალიან მალე, თავისუფალი არჩევნებით მიიტანს თავის სათქმელს ადრესატამდე და გააგრძელებს გზას, რომელიც ჩვენ დიდი ხანია, ავირჩიეთ". 

კომენტარები