ხორავას ქუჩის საქმე

სარალიძე: ეს არის ჩვენი ბოლო გამოსვლა ქუჩაში - ფეხს არ მოვიცვლით, სანამ სამართალი არ აღდგება

ტაბულა

"ეს არის ჩვენი ბოლო გამოსვლა ქუჩაში - აქედან ფეხს არ მოვიცვლით მანამ, სანამ სამართალი არ აღდგება ამ ქვეყანაში და მკვლელი ხელისუფლება არ მოშორდება" - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამამ ზაზა სარალიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, 24-საათიან ვადას აძლევს ხელისუფლებას.

"მე პირადად, ზაზა სარალიძე, 24-საათიან ვადას ვაძლევ ხელისუფლებას, რათა მოშორდეს საქართველოს, დაუყოვნებლივ შეიქმნას დროებითი მთავრობა და იმსჯელონ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე. სანამ ეს ხელისუფლება იქნება, ჩვენ სამართალს ვერ მივაღწევთ, რადგან ესენი თავად მფარველობენ ჩვენი შვილის მკვლელებს" - თქვა სარალიძემ.

პარლამენტის ძველ შენობასთან მიმდინარე აქციაზე ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად ევროპული საქართველოს წევრები იმყოფებოდნენ. დეპუტატ გიგა ბოკერიას თქმით, ხელისუფლება არ დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს დამნაშავეების და დანაშაულის დამფარავების დასჯის თვალსაზრისით, რითაც მათი პასუხისმგებლობა მძიმდება.

"ყველა დღე, როცა ამის გაჭიანურებას ეცდებიან, არის დამამძიმებელი მათი პერსონალური პასუხისმგებლობის და არის საზიანო ჩვენი ქვეყნისთვის ყველა თვალსაზრისით, რადგან ეს არის მაგალითი დოკუმენტირებული, თავხედური უსამართლობის. კომისიის დასკვნის შემდეგ, დეტალურად არის გაწერილი უკვე ის, რაც ისედაც იცოდა საზოგადოებას, მაგრამ ახლა ეს გამყარებულია ფაქტებით და მტკიცებულებებით - კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ. როცა კიდევ გადის დრო და კიდევ ვერ ვხედავთ  ხელისუფლებისგან ვერანაირ მოქმედებას, ეს არის პოლიტიკური უტიფრობა და მძიმე დარტყმა საზოგადოებისთვის, რაც მათ მძიმედ დაუჯდებათ" - თქვა ბოკერიამ.

ხორავას ქუჩის მკვლელობების შემსწავლელმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ მუშაობა 5 სექტემბერს დაასრულა და ევროპული საქართველოს მომზადებული დოკუმენტი დაამტკიცა. საპარლამენტო უმცირესობის დასკვნას ქართული ოცნების წევრები არ იზიარებენ.

კომენტარები