ავტოსაგზაო შემთხვევა

ავტობუსის და ტრაილერის შეჯახების შედეგად დაშავებული 2 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა

რუსთავი 2

ჩქაროსნულ მაგისტრალზე, სოფელ ფერმასთან ტრაილერისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად დაშავებული ორი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. მათ გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდათ და ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან. სულ, კლინიკაში შეყვანილი 10 ადამიანიდან 9 კვლავ სამკურნალო დაწესებულებაში რჩება.

"მცხეთის სამედიცინო ცენტრში ავტოსაგზაო შემთხვევიდან სულ შემოყვანილი იქნა ათი პაციენტი. აქედან ერთი გაეწერა კლინიკიდან. 7 განაგრძობს მკურნალობას ქირურგიულ განყოფილებაში სტაბილური მდგომარეობით. ორს ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია სასიცოცხლო ჩვენებით. მათი მდგომარეობა ჯერჯერობით მაინც რჩება არასტაბილური და მიმდინარეობს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობა. რჩებიან მართვით სუნთქვაზე. ჩატარებულია ტრავმატოლოგიური ოპერაცია, პარალელურ რეჟიმში. ამ ეტაპზე სტაბილიზაციის მიღწევა ხერხდება მედიკამენტების ფონზე. არასრულწლოვანი 4 პაციენტი არის სტაბილურ მდგომარეობაში. განაგრძობენ მკურნალობას ქირურგიულ განყოფილებაში", - ამბობს რუსთავი 2-თან კლინიკის მენეჯერი, დავით შონია.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე, სოფელ ფერმასთან ავარია გუშინ, 4 აგვისტოს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამგზავრო ავტობუსი, რომელიც ბორჯომიდან რუსთავში მიდიოდა, იმავე ხაზზე მიმავალ ტრაილერს უკნიდან შეეჯახა. ადგილზე დაიღუპა 1992 წელს დაბადებული მამაკაცი, რომელიც ავტობუსის პირველ რიგში იჯდა. დაზიანება მიიღო 12-მა პირმა, მათ შორის არასრულწლოვნებმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში დაიკითხნენ როგორც ტრაილერის ასევე ავტობუსის მძღოლები.

ტაბულას შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები