რელიგია

ორი რელიგია ერთ ოჯახში - ისტორიები აჭარიდან

ხშირად ამბობენ, რომ საქართველო ერთერთი ყველაზე ტოლერანტული ქვეყანაა, თუმცა პრაქტიკა საწინააღმდეგოზე მიუთითებს - რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები ხშირად არიან სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლები, მათ უწევთ სტიგმასთან ბრძოლაც. თუმცა, არსებობს სხვა მაგალითებიც - მაღალმთიანი აჭარის რამდენიმე სოფელში, სადაც ქრისტიანები და მუსლიმები გვერდიგვერდ, მშვიდობიანად თანაცხოვრობენ.

ოჯახების უმეტესობაში ორივე რელიგიის წარმომადგენლები არიან. ისინი აღნიშნავენ როგორც აღდგომას, ასევე ბაირამს და გარდაცვლილების საფლავებზეც კი ორივე დღესასწაულის დროს მიდიან. ოჯახებში მზადდება ორივე რელიგიისთვის დამახასიათებელი სადღესასწაულო სუფრა.

დარეჯან მალაყმაძე აჭარაში, ქედის რაიონში ცხოვრობს. ამბობს, რომ მუსლიმების ოჯახში გაიზარდა და დედა მორწმუნე იყო, თუმცა სააღდგომოდ, როცა ბაზარში სოფლის კვერცხი მიჰქონდა გასაყიდად, სახლში პასკით ბრუნდებოდა. აღდგომაზე კი კვერცხებს ხახვის ფოთლით თავადაც ღებავდა.

დარეჯანიც მუსლიმია. მან არაბული ანბანი 35 წლის ასაკში თავისით ისწავლა და ყურანის დამოუკიდებლად წაკითხვა შეძლო. ოჯახის წევრების ნაწილი მართლმადიდებლები არიან, რომლებიც ქრისტიანული დღესასწაულებს აღნიშნავენ. სააღდგომოდ, თავადაც ეხმარება რძალს პასკის მომზადებასა და კვერცხის შეღებვაში.

"არ მგონია, რომ ეს ორი რელიგია ერთმანეთს რამეში ხელს უშლის. მე ყველა სარწმუნოებას პატივს ვცემ. თუნდაც იეჰოვას მოწმეებს. ხშირად დადიან ჩვენთან, წიგნებს ატარებენ. რამდენს პროტესტი გამოუთქვამს, რომ რატომ შემოვუშვი სახლში და რატომ გამოვართვი წიგნები. რა არის ამაში ცუდი? ის მე რწმენას ვერ შემიცვლის. მე ჩემი მწამს და მჯერა. რა მნიშვნელობა აქვს ვინ რას იწამებს? მთავარია ადამიანი იყო მორწმუნე და გინდ ხატის წინ დადექი და გინდ მუხლებზე დაიჩოქე. ყველაფერი იმას ემსახურება, რომ ღმერთი ერთია ქვეყანაზე და შენ გაქვს რწმენა. ყველა სარწმუნოება ემსახურება იმას, რომ არ იყო ბოროტი, არ დააშავო, არა კაცი მოკლა, სისუფთავეს ქადაგებს ორივე. მე ყურანის შინაარსი მაქვს წაკითხული და ვფიქრობ, რომ ქრისტიანულშიც იგივეა - რომ ვაკვირდები, ერთნაირ რამეს ქადაგებენ, მაგრამ სხვადასხვანაირად ემსახურებიან. ამდენი წლის გამოცდილებიდან ერთადერთ დასკვნამდე მივედი - ეს ერთმანეთს ხელს არ უშლის. ჩვენთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს და სადმე თუ წარმოადგენს, ძალიან მიკვირს. ეს მიუთითებს ამ ადამიანების უწიგნურობაზე, საქართველოს ისტორიის არცოდნაზე", - ამბობს დარეჯან მალაყმაძე.

დარეჯან მალაყმაძის ოჯახში მომზადებული პასკა და წითელი კვერცხი
ფოტო: ტაბულა
ის გვიყვება, რომ მიცვალებულების სულის მოსახსენიებლად ორივე რელიგიის შესაბამის დღესასწაულებზე დადის.

"ეს ცოდვა ხომ არაა? რაც უფრო მეტჯერ მიხვალ და მოიხსენიებ შენს მიცვალებულს, უკეთესი არაა?", - ამბობს ის.

დარეჯანს ოთხი მცირეწლოვანი შვილიშვილი ჰყავს. ამბობს, რომ თუ ისინი მართლმადიდებლობას მოისურვებენ, ამაში ხელს არ შეუშლის.

"თუ ჩემი შვილიშვილები მოინდომებენ, რომ ქრისტიანობა მიიღონ, მე ამის წინააღმდეგი არ ვარ. შეიძლება ეს ცუდია ჩემი სარწმუნოებისთვის, მაგრამ მე მათ არ ვუნერგავ, რომ აუცილებლად მომბაძონ. მთავარია რამე სწამდეთ, ურწმუნოები ნუ იქნებიან", - ამბობს ის.

დარეჯან მალაყმაძეს უკვირს, რომ 21-ე საუკუნეში ამაზე ლაპარაკი ჯერ კიდევ უწევს.

"ხშირად ვკითხულობ ფეისბუქზე, რომ არ მოიყვანენ მუსლიმ ცოლს. ამას ძალიან ვაპროტესტებ. ეს არის თვითშეგნების დაბალი დონე. არ მეგულება სარწმუნოება, რომელიც ბოროტებას და ადამიანის მოკვლას ქადაგებს. ამიტომ ყველაზე საშიში ის ხალხი მგონია, არაფრის რომ არ სწამს. ის, რომ მუსლიმებად დარჩნენ აჭარაში ადამიანები, არაა საქილიკო. სამი საუკუნე არ არის სამი თვე და სამი წელი. ისტორია უნდა იცოდნენ. თუ ვინმე დარჩა ამ სარწმუნოებაზე, ეს ცოდვად არ მიმაჩნია“- ამბობს დარეჯან მალაყმაძე.

მისი მეზობელი ფერიდე ლეფსაია, მართლმადიდებელია. ამბობს, რომ სოფელში პირველი ქრისტიანი იყო, თუმცა ამას არც მეზობლებთან და არც მუსლიმ დედამთილთან ურთიერთობაში ხელი არ შეუშლია.

"სანამ მე და ჩემი ქმარი დავქორწინდებოდით, 2 წლის განმავლობაში სოფლის სკოლაში ვასწავლიდი და მოსახლეობა მიცნობდა, ამიტომ უცხოდ არ მიმიღეს. ჩემი დედამთილი მუსლიმი იყო, დღეში 5-ჯერ ლოცულობდა. განსხვავებულ რელიგიებს ჩვენთვის ხელი არ შეუშლია - ყველა აღდგომაზე პასკას ვაცხობდი. კვერცხს იშვიათად ვღებავდი, რადგან პატივს ვცემდი მის რწმენას. თუმცა არ მგონია, რომ ეს გაეპროტესტებინა. აღდგომას დედაჩემის სახლში მივდიოდი და იქედან მომქონდა შეღებილი კვერცხები, რომელსაც თვითონაც მიირთმევდა", - ამბობს ის.

ფერიდე გვიყვება, რომ თავდაპირველად სოფელში პასკას მხოლოდ ის აცხობდა, რომელსაც მეზობლები უპრობლემოდ მიირთმევდნენ. ამბობს, რომ დღეს ქრისტიანული დღესასწაულები სოფლის ყველა ოჯახში აღინიშნება, რადგან უკვე ორივე რელიგიის წარმომადგენლები არიან.

ფერიდე ლეფსაია მუსლიმურ დღესასწაულებზე ამზადებს ჰალვას და სხვა სადღესასწაულო კერძებს. მისი თქმით, ეს გარდაცვლილი დედამთილის და ქმრის ნათესავების პატივისცემაა.

ფერიდე ლეფსაიას მიერ მომზადებული მუსლიმური სადღესასწაულო ტკბილეული
ფოტო: ტაბულა
"მე ამ რწმენას პატივს ვცემ და სანამ დედამთილი ცოცხალი იყო, სახლში ღორის ხორციც არასდროს მიმიტანია. ჰალვას დღესაც ვაკეთებ, ჩემი დედამთილის სულის მოხსენიებისთვის. ერთი შვილი პატარაობაში ბებიასთან ერთად დადიოდა მუსლიმურ დღესასწაულებზე, ბებია მას ლოცვებს ასწავლიდა და არასდროს მიფიქრია, რომ ეს ცუდია და არც დამიშლია", - ამბობს ის.

გვიყვება, რომ როცა შვილებმა გაქრისტიანება გადაწყვიტეს და მონათვლის შესახებ ნებართვა იკითხეს, მისმა ქმარმა თქვა, რომ ეს მხოლოდ მათი გადასაწყვეტი იყო.

"ჩვენს რაიონში იყო საყოველთაო ნათლობა და მკითხეს, თუ მოვნათლავდი შვილებს. ყოველთვის ძალიან ვფრთხილობდი, რადგან სხვადასხვა რელიგია იყო. ვუთხარი მამასაც ჰკითხეთ-მეთქი. ჩემმა ქმარმა უთხრა, რომ ეს თვითონ უნდა გადაწყვიტონ", - ამბობს ის.

ფერიდეს ახსენდება მეზობელი მუსლიმების მხარდაჭერა, როცა მისი რელიგიის გამო სოფელში განსხვავებულად მიიჩნიეს.

"ახლობელს მამა გარდაეცვალა და მუსლიმური რელიგიის თანახმად, გარდაცვალებიდან 52-ე დღეს, მისი სულის მოსახსენიებლად ხოჯა ყურანს კითხულობს. რადგან ჩემი დედამთილი ცოცხალი აღარ იყო, მე წავედი. დავესწარი ამ ცერემონიალს. დასრულების შემდეგ მოლამ მითხრა - კარგია რომ მოგვისმინე, მაგრამ ჩვენ გვემსახურები თუ ქრისტიანობასო? მე არ ჩავთვალე პასუხი საჭიროდ, დუმილი ვამჯობინე. მეზობელი ქალები იყვნენ იქვე, უმეტესობა ჩემზე ბევრად უფროსი და ძალიან გაბრაზდნენ. უთხრეს, რომ ეს არ უნდა ეკითხა და პირიქით, კარგია, თუ სხვა სარწმუნოების მქონე ადამიანი დაინტერესდა და მოუსმინა. ყურანი მეც მაქვს წაკითხული, ისევე როგორც ახალი აღთქმა და ძველი აღთქმა. არ მიწყინოს ღმერთმა, მაგრამ ვერ ვხედავ დიდ განსხვავებას ამათ შორის, ერთი და იგივეს ქადაგებენ", - ამბობს ის.

ფერიდე ლეფსაია ასევე აღნიშნავს, რომ აჭარელი მუსლიმები შეურაცხყოფად მიიჩნევენ და ცუდად რეაგირებენ, როცა მათ რელიგიის გამო განსხვავებულად მიიჩნევენ. ფერიდეს თქმით, ეს ლოგიკურიცაა, რადგან ისინი მართლმადიდებლებზე ნაკლებ პატრიოტები არ არიან.

შალვა ველიაძე სხალთის ეპარქიაში სტიქაროსანია. ის შუახევის რაიონში, სოფელ წაბლანაში ცხოვრობს. მუსლიმების ოჯახში გაიზარდა, სტუდენტობისას კი გაქრისტიანება გადაწყვიტა. უკვე 27 წელია მართლმადიდებელია და ამბობს, რომ ოჯახში ამასთან დაკავშირებით დაპირისპირება არასდროს ყოფილა. მისი მამა მუსლიმი მოლაა, ხოლო და-ძმა ასევე მართლმადიდებელი.

გვიყვება, რომ საბჭოთა დროს, როცა მის სკოლაში იყო წარწერა - "რელიგია ხალხის მტერია" და რელიგიურობა იკრძალებოდა, ჩუმად აგროვებდა ეკლესიების ფოტოებს და ხატებს. ნანობს, რომ სასულიერო სემინარიაში არ ჩააბარა, თუმცა ახლა სტიქაროსანია და აპირებს, სასულიერო პირი გახდეს.

"27 წლის წინ მოვინათლე. მანამდე დედ-მამას, უფროს და-ძმას ვკითხე აზრი. მამამ მითხრა, რომ უხუცესებისგან მსმენია, აჭარა ადრე ქრისტიანი იყო და ღმერთის ნებით, დაუბრუნდება ისტორიულ სარწმუნოებასო. მითხრა, რომ ოჯახი არ არის წინააღმდეგი, რომ მოვინათლო. ახლა ჩემი და-ძმა და მათი შვილებიც მართლმადიდებლები არიან. რელიგიის გამო უთანხმოება აქ არასდროს ყოფილა. არც ჩვენს ოჯახში მათ შორის, ჩვენ ურთიერთსიყვარული და ურთიერთპატივისცემა გვაქვს. ღმერთი თავად არის სიყვარული, უფალი არის სიყვარული. საქართველო და ქართველი ერი ყოველთვის იყო შემწყნარებელი, ამით მოვედით დღემდე", - ამბობს შალვა ველიაძე.

შალვა ველიაძე მამასთან და სასულიერო პირებთან ერთად
გვიყვება, რომ ის და მამა ერთ სახლში, ცალ-ცალკე ოთახებში სხვადასხვა რელიგიური წესით ლოცულობენ.

"მე ყოველდღიურად ვლოცულობ უფლის წინაშე და ლოცულობს მამაჩემიც. ასევე, ორივე ვმარხულობთ. ოჯახის წევრების უმრავლესობა მართლმადიდებელია და მამა ამბობს, რომ ჩვენი მარხვის დროს სახლში სამარხო საჭმელი უნდა მომზადდეს და თვითონაც ასე იკვებება, მხოლოდ ჩვენთვის განსხვავებული არ მზადდება. როცა კვერცხს ვღებავთ, მამა მიირთმევს. ჩემს მეგობრებსაც ხშირად უკვირთ, რომ მამაჩემი, რომელიც მოლაა და იმამი იყო, როგორ ახერხებს ამას. ძალიან პროგრესულ ადამიანს ეძახიან", - ამბობს შალვა ველიაძე.

მისივე თქმით, მამა უკვე 95 წლისაა და ყველა მუსლიმური დღესასწაული აღნიშვნას ვერ ახერხებს, თუმცა შვილები სადღესასწაულო ტკბილეულს აუცილებლად უმზადებენ.

"ჰალვას ჩემი და უმზადებს და მეჩეთში მიაქვს მამაჩემს. ეს პატივისცემა და სიყვარულია. თუ მამას და დედას პატივი არ ეცი, ისე კურთხევა არ გექნება, ეს ათ მცნებაშიც წერია", - ამბობს ის.

________

მასალა მომზადდა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, მედიის განვითარების ფონდთან (MDF) პარტნიორობით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. პუბლიკაციაში მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის პუბლიკაციის ავტორს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.

კომენტარები