კრიმინალი

შსს: პირი ჩასარიცხი აპარატის გაქურდვას ცდილობდა, ის პოლიციელმა მოგერიებისას მოკლა

flickr

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღეს გამთენიისას, ფოთში, სამართალდამცველებმა სასურსათო მაღაზიასთან მდგარი ჩასარიცხი აპარატის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე "დაუდგენელ პირს" წაასწრეს. შსს-ს ცნობით, პოლიციელი მის დაკავებას შეეცადა, რა დროსაც "ჯერჯერობით დაუდგენელი პირი" სამართალდამცველს თავს დაესხა და ბლაგვი საგნით თავის არეში ჭრილობა მიაყენა.

"პოლიციელმა თავდასხმის მოგერიების მიზნით, სამსახურებრივი იარაღიდან გაისროლა და დასაკავებელი პირი დაჭრა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა" - აცხადებს შსს.

ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სსკ-ის 19-177 მუხლის 1-ლი ნაწილით აწარმოებს, ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები