კორუფცია

სუს: 15 აფთიაქში ფსიქოტროპული საშუალებებს უკანონოდ, რეცეპტის გარეშე ყიდდნენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, თბილისსა და გორში მდებარე 15 აფთიაქში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს.

"გამოძიების ფარგლებში, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები ე.წ. "სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის გამოსავლენად.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, თბილისსა და გორში 15 სააფთიაქო დაწესებულებაში სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული საშუალებები რეცეპტის გარეშე  შეისყიდეს, რითაც უტყუარად დადასტურდა გარემოება, რომ აღნიშნულ დაწესებულებებში ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია უკონტროლოდ ხორციელდება" - განაცხადეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე. 

ანტიკორუფიცული სააგენტოს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და გორში ჩაატარეს ჩხრეკა შემდეგ სააფთიაქო დაწესებულებებში: შპს "ენძელა“, შპს "ნალი“, შპს "ფარმა 2016“, შპს "ფარმაგიდი +“, შპს "მ.ქ.ფარმა“, შპს "მულტი ვსლ“, შპს "დათუჩა“, შპს "სან ფარმა“, შპს "ნინფარმი", შპს "იმედი +“, შპს "ნანფარმა“, შპს "ფარმა-27“, შპს "ნათი+“, შპს "პოლისიფარმა“ და შპს "იმედი".

"ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი რაოდენობით გადამალული ფსიქოტროპული პრეპარატები, ე.წ. "შავი ბუღალტერია“ და აფთიაქების  საქმიანობის ამსახველი კომპიუტერული მონაცემები" - აცხადებს სუს-ი და აღნიშნავს, რომ "გამოძიება აქტიურად გრძელდება ყველა იმ პირის გამოსავლენად, ვინც მფარველობს და ხელს უწყობს ქვეყანაში ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონოდ გავრცელებას".

კომენტარები