ციხელაშვილი სიაზე: აღსრულებაზე პასუხისმგებლები იუსტიცია და საგარეო იქნებიან

epn.ge

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის თქმით, "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" აღსრულებაზე პასუხისმგებლები იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები იქნებიან. ამის შესახებ ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. სია მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა და პარლამენტს გადაუგზავნის. 

"ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შედის 33 პირი, ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც 1991 წლიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მიმართ ჩაიდინეს მძიმე დანაშაულებები და რომელთა მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი საქმის წარმოება, ან მიმდინარეობდა წარსულში. შესაბამისად ეს 33 პირი გახლავთ ბრალდებული ან მსჯავრდებული მძიმე დანაშაულებებში. ცხადია, აქ შესულია ტატუნაშვილთან დაკავშირებული ორი ბრალდებული და ოთხოზორიას საქმეში მსჯავრდებული კანჯიოღლი, რომელიც ინტერპოლით იძებნება. მნიშვნელოვანია, ისიც რომ სევე პარლამენტის რეზოლუციის შესაბამისად განისაზღვრა ის ღონისძიებები, რომელიც უნდა გატარდეს ამ პირების მიმართ და დაწესდეს ყველა შესაძლო შეზღუდვა და ამაში შედის მათ შორის ქონებრივი, ფინანსური და გადაადგილების შეზღუდვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, სიაში შემავალი პირების მიმართ. ასევე განისაზღვრა ის უწყებები, რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან მის აღსრულებაზე და ესენია იუსტიციის და საგარეო საქმეთა სამინისტროები. ისინი პერიოდულად ანგარიშს წარუდგენენ პარლამენტს და მთავრობას აღსრულების თაობაზე. სია არ არის დახურული, ის არის ღია, რამდენადაც სამართალდამცავი უწყებების მიერ გერძელდება გამოძიება და ახალი ბრალდებულების გამოკვეთის შემთხვევაში, შესაძლოა სია გაფართოვდეს და ამ ჩამონათვალს სხვა პირები დაემატნონ." - თქვა ქეთევან ციხელაშვილმა.

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნა ევროპული საქართვლოს ინიციატივა იყო. სია მას შემდეგ შეიქმნა რაც, ახალგორიდან დევნილი, სოფელ წილკანში მცხოვრები არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს და წამების მოკლეს.

რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც წერია, რომ ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნასთან დაკავშირებით და მის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს შავ სიაში შეიყვანონ ის პირები, რომლებიც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შევლენ. ასევე მათ მიმართ შემოღებული იყოს ევროკავშირის მასშტაბით სანქციები.

კომენტარები