მეცნიერება

სტივენ პინკერი: ახალ ამბებში არ ჩანს, მაგრამ კაცობრიობის მდგომარეობა უმჯობესდება

სტივენ პინკერი
www.nytimes.com

სტივენ პინკერი ამერიკელი კოგნიტური ფსიქოლოგი, ლინგვისტი და მეცნიერების პოპულარიზატორია. მეცნიერს მის ახალ წიგნზე The New York Times ესაუბრა. "განმანათლებლობა ახლა"-ში ის ამტკიცებს, რომ ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, მშვიდობისა და ბედნიერების თვალსაზრისით მსოფლიო წინ მიიწევს და ეს განმანათლებლობის ღირებულებების და კლასიკური ლიბერალიზმის დამსახურებაა.  

რა არის "განმანათლებლობა ახლა"-ს მთავარი სათქმელი?  

რელიგიას, ნაციონალიზმის და რეაქციონერული მოძრაობებს აქვს თანმიმდევრული ალტერნატივა. კერძოდ, განმანათლებლობის იდეალები: ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ცოდნა ადამიანის კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის. მეტიც, განმანათლებლობამ უკვე იმუშავა: ჩვენ ვცხოვრობთ უფრო ხანგრძლივი, ჯანმრთელი, უსაფრთხო, მდიდარი, თავისუფალი და მშვიდობიანი ცხოვრებით ვიდრე ისინი, ვინც ჩვენამდე იყო. სიტყვა "ჩვენში" არ ვგულისხმობ მხოლოდ დასავლეთს. ეს პროგრესი წინ მიუძღვება მთელ მსოფლიოს.

როგორ იგრძენით იმის საჭიროება, რომ ახლა დაგეწერათ - "განმანათლებლობა ახლა"?

პირველი ბიძგი იყო, როცა გადავაწყდი მონაცემებს, რომელიც აჩვენებს, რომ კაცობრიობის მდგომარეობა უმჯობესდება. ეს ის დასკვნაა, რომელსაც ვერ გამოიტანთ ახალი ამბებიდან, რადგან ჟურნალისტიკა მოიცავს კატასტროფებს, კრიზისებს, საფრთხეებს და უსამართლობებსა და ა.შ. ასეთი ამბები კი ყოველთვის იქნება საკმარისი, რომ პირველი გვერდზე გამოვიტანოთ.  

ამისგან განსხვავებით, გაუმჯობესებები  ეტაპობრივია და ხშირად შედგება ისეთი რაღაცებისგან, რომლებიც არ ხდება - ომის, შიმშილის ან დანაშაულის არარსებობა მსოფლიოს დიდი ნაწილში. მათი შემჩნევა მხოლოდ იმ მონაცემებზე დაკვირვებითაა შესაძლებელი, რომელიც აჩვენებს იმ მოვლენებს, რომლებიც მოხდა. ასევე იმას, რაც არ მოხდა. როცა მონაცემები შევისწავლე, სადაც ჩანს უკიდურესი სიღარიბის, წერა-კითხვის უცოდინრობის, ძალადობრივი დანაშაულების, რასიზმის, სექსიზმის, ჰომოფობიის, ოჯახური ძალადობის, დაავადებების, უბედური შემთხვევების შემცირება, ვიფიქრე, რომ ეს პროგრესი უკეთ გააზრებას იმსახურებდა.

წიგნის დაწერის საჭიროება განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა ავტორიტარული პოპულიზმისა და რეაქციონერული აზროვნების სტილის აღზევებასთან ერთად, რომელიც “ოქროს ხანის” დაბრუნებისკენ მიისწრაფვის. ეს მოძრაობები ეყრდნობოდა სამყაროს დისტოპიურ სურათს, ნებადართული გახადა ლიდერი, რომელმაც განაცხადა, რომ "მხოლოდ მე შემიძლია ამის გამოსწორება" და ქვეყნის უკან დააბრუნებას დაგვპირდა.  

რა არის ყველაზე გავრცელებული გაუგებრობა, რომელსაც პროგრესთან დაკავშირებით აწყდებით?

მტკიცება, რომ მოდერნულობამ ყველა მარტოსული და უბედური გაგვხადა. სინამდვილეში, მსოფლიო ღირებულებების გამოკითხვამ დაადგინა, რომ ქვეყანათა 85%-ში ბედნიერება გაიზარდა. (საინტერესოა, რომ აშშ ამ ქვეყნებში არ შედის, ჩვენი ბედნიერება სტაგნაციას განიცდის) მოსაზრებები მარტოობის, დეპრესიისა და სუიციდის ეპიდემიის შესახებ ფაქტების გადამოწმების გამოცდას ვერ გადის. ბედნიერების შემცირების ილუზია არის ის, რასაც გამოკითხვის ავტორები "ოპტიმიზმის ნაპრალს“ უწოდებენ. ადამიანები ოპტიმისტები არიან საკუთარი ცხოვრების მიმართ და პესიმისტები დანარჩენების ცხოვრებასთან.

ზოგიერთი ღელავს, თითქოს პროგრესის გაცნობიერება ჩვენ თვითკმაყოფილს გაგვხდის. ხშირად აწყდებით ასეთ მსჯელობას?

კი და ვპასუხობ, რომ პროგრესის უარყოფა არის ის, რასაც შეუძლია ფატალისტებად გვაქციოს. თუ ადამიანის მდგომარეობის გაუმჯობესების ყველა მცდელობა ჩაფლავდა, რატომ უნდა დავიხარჯოთ? უფრო ზოგადად, ადამიანები იმდენად გადაღლილები არიან გაუარესების ნარატივით, რომ თანმიმდევრულად ვეღარ ფიქრობენ პროგრესზე. ეს კონცეფცია პარადოქსულია.

მე ყოველდღიურად ვაწყდები მაგალითებს, რომ რაღაც ცუდი მოხდა - ოპოიდების ეპიდემიას, მასობრივი სროლებს - როგორც პროგრესის უარყოფის მტკიცებულებებს. თითქოს პროგრესი ნიშნავდეს იმას, რომ ყველაფერი, ყველასთვის და ყველგან  უკეთესობისკენ მიდის. ეს არა პროგრესი, არამედ ჯადოქრობა იქნებოდა. პროგრესი პრობლემების გადაჭრისგან შედგება, პრობლემები კი გარდაუვალია. ცხადია, ზოგიერთი ადამიანისთვის რაღაცები გაუარესდება. პროგრესზე ფიქრის უფრო საღი გზა არის ბარაკ ობამას პერსპექტივა, რომელიც, სავარაუდოდ, ჯონ როლსს უკავშირდება:  რომ შეგეძლოთ არჩევა, თუ რომელ დროში იცხოვრებდი, ისე, რომ არ გეცოდინებოდა ვინ იქნებოდი და სად აღმოჩნდებოდი, რომელ დროს აირჩევდი? - პასუხია ახლა.

იმ მიღწევებიდან, რომლებზეც წიგნებში საუბრობთ, რომელი სამს გამოარჩევდი, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანს?

კომპონენტები, რომლებიც განსაზღვრავს ადამიანის განვითარების ინდექსს, კერძოდ - ჯანმრთელობას, სიმდიდრეს და გონიერებას. ჩვენ უფრო დიდხანს ვცოცხლობთ: დაბადებისას სიცოცხლის ხანგრძლივობა მსოფლიოს მასშტაბით 71 წელია, განვითარებულ სამყაროში კი 80 წელი. ადამიანის ისტორიის უმეტეს ნაწილში კი დაახლოებით 30 წელს უტოლდებოდა. მსოფლიო უკიდურესი სიღარიბე მსოფლიოს მოსახლეობის 9.6%-მდე შემცირდა, 200 წლის წინ კი  ეს მაჩვენებელი 90% იყო. მხოლოდ ბოლო 30 წლის განმავლობაში უკიდურესი სიღარიბე 75 პროცენტით შემცირდა - წარმოუდგენელი მიღწევა, რომელიც მთლიანად დაუფასებელია. ასევე დაუფასებელია ფაქტი, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 25 წლის ქვემოთ მყოფების 90%-ს წერა და კითხვა შეუძლია, გოგონების ჩათვლით. ევროპის ისტორიის უმეტესი ნაწილის განმავლობაში წერა-კითხვა მხოლოდ 15%-ს შეეძლო და ძირითადად მამაკაცებს.

თქვენ ფიქრობთ, რომ პროგრესის უარყოფა აფერხებს ჩვენი შესაძლებლობების გამოვლენას მივაღწიოთ მეტ პროგრესს?

კი. კერძოდ, ლიბერალებში, რომლებიც რეგრესის კაკაფონიასთან შეერთებით ცალმხრივად განიარაღდენ გონივრული რეგულაციებისა და სოციალური ხარჯებისთვის ბრძოლაში. კარგი მაგალითია დაბინძურება. 1970 წელს გარემოს დაცვის სააგენტოს შექმნის შემდეგ, ჰაერის დაბინძურება (ნახშირორჟანგის გარდა) დაეცა 60%-ით, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელები უფრო მრავალრიცხოვნები და მდიდრები გახდნენ და მეტ კილომეტრებზე მგზავრობენ. მაგრამ, ვინაიდან ბევრი ლიბერალი ვერ აბამს თავს, რომ აღიარონ პროგრესი, მათ ტრიბუნა დაუთმეს რეგულაციის ისეთ ოპონენტებს, როგორებიც არიან სკოტ პრუიტი, რომელიც ამტკიცებს, რომ რეგულაციებს სარგებელი არ მოაქვთ და ჩვენი ცხოვრების შევიწროების და ეკონომიკის შეფერხეს გარდა არაფერი მოუტანია. ნაცვლად იმისა, რომ ვთქვათ, რომ "გარემოს რეგულაციამ გააუმჯობესა გარემო და ამავდროულად ეკონომიკის ზრდას არ შეუშალა ხელი" - ისინი უშედეგონ ამტკიცებენ, რომ "თუ ეწინააღმდეგები რეგულაციას, შენ ცუდი ადამინი ხარ."

იგივე ეხება სიღარიბესაც. ერთხელ რონალდ რეიგანმა ენამახვილურად თქვა: "რამდენიმე წლის წინ ფედერალურმა სახელმწიფომ გამოაცხადა ომი სიღარიბესთან და სიღარიბემ გაიმარჯვა". ცოტა ლიბერალი შეეწინააღმდეგებოდა ამას.  მაგრამ რეიგანი ცდებოდა, თუ ვიგულისხმებთ სოციალურ ხარჯებს, როგორებიცაა "ანაზღაურებული შემოსავლის გადასახადის სესხი", სიღარიბის მაჩვენებლები მკვეთრად დაცემულია. მაგრამ აქაც, ლიბერალები გადასცემენ ოპონენტებს იარაღს: დასკვნას, რომ ყველა სოციალური ხარჯი არაეფექტურია.

ჟურნალისტები უმეტესად წერენ უფრო მყისიერ, ვიდრე ეტაპობრივ ცვლილებებზე. მაგრამ პროგრესი ნელა მჟღავნდება. როგორ უნდა შეძლოს ახალმა ამბებმა ამის უკეთესად ასახვა?

მე რომ რედაქტორი ვყოფილიყავი შემოვიტანდი წესს, რომ სანამ ნებისმიერი სპეციალისტი აღწერს სავარაუდო ცვლილებას ან ტრენდს, იგი ვალდებულა შეეადაროს აწმყო წარსულს. კომენტატორები უნდა იყვნენ მონაცემებზე მეტად ორიენტირებულები, განსაკუთრებით ახლა, როცა მონაცემები და სტატისტიკა ასე ფართოდ ხელმისაწვდომია. შევწყვეტდი  მავნებლურ ჟურნალისტურ ჩვევას: აღწერო მხოლოდ მცირე ცვლილება ტრენდში (რადგან ეს ახალი ამბავია), მაშინ, როცა უგულებელყოფ წლების განმავლობაში დაგროვებულ პროგრესს (რადგან ეს არა არის ახალი ამბავი). ეს ჟურნალისტური მავნებლობაა, რადგან მკითხველს უექმნის რეალობასთან შეუსაბამო შთაბეჭდილებას.

თქვენ აღნიშნეთ, რომ რეალობის ჩვენი აღქმა ემორჩილება აზროვნების მიკერძოებებს, როგორებიცაა "ხელმისაწვდომობის ევრისტიკა" და "უარყოფითობის მიკერძოება".  რა შეიძლება გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით?

ბევრი კოგნიტური ფსიქოლოგის მსგავსად მეც მიმაჩნია, რომ სასწავლო განრიგები, რომელთა მიზანიც მიკერძოების აღმოფხვრა და სტატისტიკური განათლებაა, ადამიანებს ადრეული ასაკიდანვე უნდა შევუდგინოთ. ჩვენი ყოველდღიური ცოდნის ნაწილი უნდა იყოს, რომ არ ვენდოთ ჩვენს ინტუიციებს რისკისა და საფრთხის შესახებ, უნდა ვცადოთ გვერდი ავუაროთ მათ, მონაცემების მოძიების და მათზე ალბათური თვალსაზრისით აზროვნების მეშვეობით.

ზოგიერთი ფსიქოლოგი სასოწარკვეთილია, გულუბრყვილოდ მიაჩნია გვქონდეს იმედი, რომ შეგვიძლია დავძლიოთ ჩვენი ილუზიები და მიკერძოებები. მაგრამ ისტორია აჩვენებს, რომ ჩვენ შეგვიძლია ავმაღლდეთ ჩვენსავე კოლექტიურ ირაციონალურობაზე. ჩვენ აღარ ვხსნით დაავადებებს მიაზმებით და ბოროტი სულებით - სინუსების ინფექციის მქონე ადამიანების უმეტესობა ეგზორცისტის გამოძახების ნაცვლად ანტიბიოტიკებს იღებს. ჩვენ ადამიანური მსხვერპლით აღარ ვქრთამავთ ღმერთს, უკეთესი ამინდისა და თუ ბრძოლაში გამარჯვებისთვის. ყველაზე უვიცი პოლიტიკოსიც კი აღარ მიმართავს ასტროლოგიას. ასე რომ, ჩვენი ინტელექტუალური კულტურის გაუმჯობესება გვაძლევს საშუალებას უკან მოვიტოვოთ ჩვენი ირაციონალურობა და ილუზიები.

როცა ცდილობთ დააკვირდეთ უფრო ღრმა ცვლილებებს, რომლებიც მსოფლიოში ხდება, ინფორმაციის რომელ წყაროებს მიმართავ?

მე ვიყენებ მონაცემების აგრეგატორებს, როგორებიცაა Ourworldindata.org მარიან ტაპის HumanProgress.org და ჰანს, ოლა და ანა როზლინგების Gapminder-ს. ამას გარდა, მე ვეყრდნობი წიგნებს, რომელიც შეეხება ტრენდებს და არა მოვლენებს, როგორებიცაა ანგუს დიტონის "დიდი გაქცევა“, ჩარლზ კენის "უკეთ გახდომა", და სტივენ რადელის "დიდი აღზევება".

სასარგებლოა არასამთავრობო ორგანიზაციების და უნივერსიტეტების ანგარიშებიც. ჩემი შეხედულებები ომზე შეიცვალა, როცა მე დავიწყე საიმონ ფრაიზერის უნივერსიტეტის "ადამიანის უსაფრთხოების ანგარიშების" და უპსალაში და ოსლოში არსებული მსგავსი პროექტების კითხვა. ისინი ყოველწლიურად აწვდიან მსოფლიოს რაოდენობრივ ანგარიშებს ლტოლვილებზე, ტერორიზმზე, გენოციდზე, სამოქალაქო და სახელმწიფოთაშორის ომებზე. ყველა წყარო გვიხატავს სამყაროს სურათს, რომელიც საკმაოდ განსხვავდება იმისგან, რასაც ყოველდღიურად ვეცნობით.

კომენტარები