არაადამიანური მოპყრობა

კობახიძე: პროკურატურამ ძალადობაში აზერ სულეიმანოვის შემხებლობაზე დაიწყო გამოძიება

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავარი პროკურატურა მარნეულის ინციდენტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ აზერ სულეიმანოვის მონაწილეობის საკითხს სწავლობს. სულეიმანოვის სახელზე გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე მუხლით, ანუ ძალადობის მუხლით დაიწყო. 

“შემოსულია წერილი მთავრი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლისგან, ბატონი მამუკა ვასაძისგან, შემდეგი შინაარსის არის ეს წერილი, რაც შეეხება ინციდენტს ზოგადად ვიტყვი, რომ გარდა ადგილობრივი თანამდებობის პირებისა, სავარაუდოდ, ამ ინციდენტში იყო გარეული ასევე საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი წევრი.

შესაბამისად, შემოსულია მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის წერილი შემდეგი შინაარსის: „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მეორე ნაწილისა და პარლამენტის რეგლამენტის მე-20 მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე გაცნობებთ, რომ 2018 წლის 13 ივნისს 11 საათზე, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, პროკრატურის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მესამე ნაწილის „დ“ პუნქტით  მთავრი პროკურორისთვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე გამოტანილი იქნა დადგენილება საქართველოს პარლამენტის წევის აზერ სულეიმანოვის ბრალდების შესახებ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშუალისჩადენისთვის,“- ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.

აზერ სულეიმანოვი მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიით მოხვდა. მას სადეპუტატო იმუნიტეტი იცავს, პარლამენტს ამ იმუნიტეტის მოხსნა შეუძლია. 

ინციდენტზე მარნეულის მერი თემურ აბაზოვი უკვე დაკავებულია. მარნეულში მცხოვრები მოქალაქე, რომელმაც ზაზა სარალიძის​ მხარდამჭერ აქციაზე ბიძინა ივანიშვილის და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის მისამართით შეიგინა, ძალადობის მსხვერპლი გახდა. ძალადობის ერთ-ერთი ორგანიზატორი აბაზოვი იყო.

კომენტარები