დავით სარალიძის მკვლელობა

პროკურატურა: გამოვთქვამთ მზადყოფნას ვითანამშრომლოთ საგამოძიებო კომისიასთან

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ უწყება გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრლოს ხორავას ქუჩაზე, დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე შექმნილ საგამოძიებო კომისიასთან.

განცხადებაში ასევე წერია, რომ კანონით დადგენილ ფარგლებში, კომისიას მიეცემა უფლება გაეცნოს წარმოებულ საქმეებს.

"განსაკუთრებული საჯარო ინტერესის გათვალისწინებით გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 2018 წლის 7 ივნისს საქართველოს პროკურატურას წერილობით მომართა საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი არასრულწლოვანის მკვლელობის საქმის მასალებთან დაკავშირებით.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად არასრულწლოვნების მკვლელობის საქმე ორი ბრალდებულის მიმართ განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლომ, ხოლო ამავე შემთხვევასთან დაკავშირებული დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის ფაქტებზე განხილვა მიმდინარეობს ამავე სასამართლოში. გარდა ამისა, ზემოაღნიშნულ მკვლელობასთან დაკავშირებული დანაშაულების სხვა ფაქტებზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 64-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს მთავარი პროკურორისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში,  დროებით  საგამოძიებო  კომისიას მიეცა თანხმობა კანონით დადგენილი წესითა და ფარგლებში, სრული მოცულობით გაეცნოს როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს.

საქართველოს პროკურატურა გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, მაქსიმალურად ეფექტურად და მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიასთან, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურებისა და "პროკურატურის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ფარგლებში". - ვკითხულობთ განცხადებაში.

კომისია დღეს პირველად შეიკრიბა და სამი თვის განმავლობაში იმუშავებს. ის დავით სარალიძის მკვლელობის საქმის მასალებს შეისწავლის, ასევე, როგორც მისმა თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ თქვა, კითხვებს დაუსვამს ყველას, ვის მიმართაც ისინი არსებობს - ირაკლი შოთაძეს, თეა წულუკიანს და ა.შ.

მთლიანობაში კომისია 17 ადამიანისგან შედგება, მის უმრავლესობას - 9 წევრი, ევროპული საქართველო წარმოადგენს, ქართული ოცნება კი 6 დეპუტატით არის წარმოდგენილი. 

კომისიის შემადგენლობაში ევროპული საქართველოს მხრიდან არიან სერგი კაპანაძე, ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ოთარ აბესაძე, სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, გიგა ბოკერია და ირმა ნადირაშვილი. 

ქართული ოცნების მხრიდან: არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და სოფო კილაძე. 

ასევე, კომისიის წევრები არიან პატრიოტთა ალიანსის წევრი ადა მარშანია და დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი. 

თუმცა, დღეს, ადა მარშანიამ კომისიის სხდომა დატოვა, ეკა ბესელიას აცილება კი ზაზა სარალიძემ მოითხოვა.

კომენტარები