იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯუზეპე კონტემ პარლამენტში პირველ სიტყვით გამოსვლაში მიგრაციაზე, ეკონომიკურ პრობლემებზე და რუსეთისათვის დაწესებულ სანქციებზე ისაუბრა.
იტალიის სენატორებისადმი მიმართვაში კონტემ განაცხადა, რომ რუსეთისადმი უფრო გახსნილ პოლიტიკას დაუჭერენ მხარს.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ სანქციების გადახედვას, დაწყებული იმ ზომებით, რომლებიც დამამცირებელია რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებისათვის." თქვა მან.
გარდა ამისა კონტემ ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა "სავალდებულო გადანაწილების" აუცილებლობის შესახებ ისაუბრა.
სენატმა კონტეს მთავრობა 171 ხმით 117-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
შეგახსენებთ, რომ ამჟამინდელი სამთავრობო კოალიციის წევრი ორივე პარტია, "ჩრდილოეთის ლიგა" და "5 ვარსკვლავის მოძრაობა" რუსეთთან დაახლოების და სანქციების გადახედვის მომხრეა. იტალიამ რუსეთს სანქციები ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად 2014 წელს ყირიმის ანექსიისათვის დაუწესა. დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის შემდეგ იტალიიდან 2 რუსი დიპლომატიც გააძევეს.