ავიაცია

Tav Georgia: "აირზენა" მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობს

flickr.com/photos/picturejohn64

Georgian Airways-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. კომპანია Tav Georgia-ს სატარიფო მოსაკრებელს აპროტესტებს, კომპანია TAV-ის საქართველოდან გასვლასაც მოითხოვს. აეროპორტის ოპერატორი TAV Georgia კი ამ ბრალდებას კატეგორიულად არ ეთანხმება. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ "აირზენა" მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

აეროპორტის განცხადებაში ასევე ნათქვამია ის რომ "აირზენა" სპეციალური ფასდაკლებებითაც სარგებლობს, თუმცა მისი ბილეთის ფასი საშუალოდ უფრო ძვირია იმ უცხოურ ავიაკომპანიებთან შედარებით, რომელთაც აეროპორტი არავითარ ფასდაკლებას არ უკეთებს.

"2017 წლის ICAO-ს (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) ეკონომიკური განვითარების ანგარიშის მიხედვით, ბილეთის ღირებულებაში აეროპორტის სერვისების (უსაფრთხოება, სახმელეთო მომსახურება, აეროდრომისა და აფრენა-დაფრენის სერვისები) ხარჯის მხოლოდ 25%-ია წარმოადგენილი, (აქედან სერვისების დიდ ნაწილს ავიაკომპანია თავად უზრუნველყოფს) დანარჩენი 75 % კი ავიაკომპანიის ძირითადი ხარჯებია.

მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ რამოდენიმე მიმართულება, რომელსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჯორჯიან ეარვეისთან ერთად სხვა უცხოური ავიაკომპანიებიც ასრულებენ. მოსკოვისა და კიევის მიმართულებით ჯორჯიან ეარვეისის ბილეთის ღირებულება გაცილებით მაღალია, ვიდრე Aeroflot, Pobeda და Ukraine International Airways. უნდა აღინიშნოს, რომ ჩამოთვლილი უცხოური ავიაკომპანიები არ სარგებლობენ ანალოგიური სპეციალური ფასდაკლებებით, მეტიც Georgian Airways-სგან განსხვავებით მათ ყველა სახმელეთო მომსახურებას TAV Georgia უწევს.

აქვე გვინდა განვმარტოთ, რომ ჯორჯიან ეარვეისის შემთხვევაში ორმხრივი (გაფრენა-მოფრენა) ბილეთის ღირებულებიდან ტავის წილი საშუალოდ 33$ შეადგენს. ეს ყოველივე ნათლად ასახავს, რომ ჯორჯიან ეარვეისი მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ტავ ჯორჯიას დისკრედიტაციას", - წერია განცხადებაში.

TAV Airports მსოფლიოს 19 ქვეყანაში ოპერირებს. მას 77 აეროპორტი აქვს, რომელთა წლიური მგზავრთნაკადიც 245 მილიონზე მეტ მგზავრს აღემატება.

კომენტარები