იტალია

იტალიის პრეზიდენტმა პარტიებს სამთავრობო კოალიციის შესაქმნელად დამატებით დრო მისცა

სერჯო მატარელა
Reuters

იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ 2018 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ პარტიებს, "ჩრდილოეთის ლიგას" და "5 ვარსკვლავის მოძრაობას" სამთავრობო კოალიციის შესაქმნელად დამატებითი დრო მისცა, რათა ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარება არ გახდეს საჭირო.

უცნობია, კვლავ დაუჭერენ თუ არა პარტიების ლიდერები, ლუიჯი დი მაიო და მატეო სალვინი პრემიერმინისტრის პოსტზე ჯუზეპე კონტეს კანდიდატურას.

შგახსენებთ, რომ იტალიის პრემიერმინისტრის პოსტზე არჩევნებში გამარჯვებული პარტიების, "ჩრდილოეთის ლიგის" და "5 ვარსკვლავის მოძრაობის" მიერ წამოყენებულმა ჯუზეპე კონტემ, რომლის კანდიდატურას სერჯო მატარელამ მხარი დაუჭირა, თანამდებობა გასულ კვირას დატოვა. გადაწყვეტილების მიზეზი მატარელას მიერ ქვეყნის ფინანსთა მინისტრის პოსტზე კონტეს წამოყენებული კანდიდატის დაწუნება გახდა.

მინისტრთა კაბინეტის შედგენისას ჯუზეპე კონტემ ფინანსთა მინისტრის პოსტზე პაოლო სავონას კანდიდატურა წამოაყენა, თუმცა პრეზიდენტმა მის ამ გადაწყვეტილებას ვეტო დაადო. 81 წლის სავონა ვაჭრობის და ინდუსტრიის ყოფილი მინისტრია, რომელიც იტალიის ევროზონაში შესვლას "ისტორიულ შეცდომას" უწოდებს.

შედეგად, სამთავრობო კოალიციის შექმნის მოლაპარაკება ჩაიშალა. მატარელამ პრემიერმინისტრის პოსტზე დროებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი ჩინოსანი, ეკონომისტი კარლო კოტარელი დანიშნა.

4 მარტს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იტალიაში სამთავრობო კოალიციის შესაქმნელად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, სავარაუდოდ, ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

კომენტარები