მშენებლობა ვაკის პარკში

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაკის პარკში შესაძლოა მშენებლობა განახლდეს

2018 წლის 28 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ვაკის პარკში სასტუმროების მშენებლობა შეჩერდა. 

ამ გადაწყვეტილებით შესაძლოა ვაკის პარკში მშენებლობები განახლდეს.

სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, მწვანე ალტერნატივას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შპს „ტიფლის კოსტავას“ და „გრაალის“ აპელაცია დაკმაყოფილდა.

არასამთაბრობო ორგანიზაცია მოითხოვდა, სააპელაციო სასამართლოს გაეუქმებინა მერიის არქიტექტურის სამსახურის ნებართვა ზონალურ შეთანხმებაზე, რომლითაც გაიზარდა სამშენებლო კოეფიციენტები.

კომპანიები “გრაალი” და “ტიფლის კოსტავა” კი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენენ, რომლითაც "მწვანე ალტერნატივას" სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, თბილისის მერიის განკარგულება ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობისთვის სპეციალური ზონალური ნებართვის გაცემის შესახებ ბათილად იქნა ცნობილი. მათ ასევე სურდათ, სააპელაციო სასამართლოს დაშვებულად ეცნო მერიის მიღებული გადაწყვეტილებები. სასამართლომ სწორედ კომპანიების მოთხოვნები დააკმაყოფილა.

2013 წლის 24 ივლისის #1592 განკარგულებით, თბილისის მერმა თბილისში, ჭავჭავაძის. #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმება გასცა, რომლითაც ქალაქთმშენებლობითი პარამეტრები გაიზარდა;

2013 წლის 20 სექტემბრის ბრძანებით კი, თბილისის არქიტექტურის სამსახურმა ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირი, #68-ში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გასცა.

ამ გადაწყვეტილებებს საპროტესტო აქციები მოჰყვა. "მწვანე ალტერნატივამ" სასამართლოს მიმართა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მერის 2013 წლის 24 ივლისის განკარგულება -  მერიას დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შესაფასების შემდეგ.  

კომენტარები