იტალიის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ პრემიერმინისტრის პოსტზე საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიების, "ჩრდილოეთის ლიგის" და "5 ვარსკვლავის მოძრაობის" მიერ წამოყენებულ კანდიდატს, ჯუზეპე კონტეს მხარი დაუჭირა.
54 წლის ჯუზეპე კონტე სამართლის პროფესორია და ამ დრომდე პოლიტიკაში აქტიურად ჩართული არ ყოფილა.
"მე მზად ვარ დავიცვა ყველა იტალიელის ინტერესი ყველგან, ევროპაშიც და საერთაშორისო ასპარეზზეც. მე ვიქნები იტალიელი ხალხის ადვოკატი." განუცხადა კონტემ ჟურნალისტებს და თქვა, რომ მინისტრთა კაბინეტის სიის შესაქმენლად რამდენიმე დღე დასჭირდება.
შეგახსენებთ, რომ იტალიაში საპარლამენტო არჩევნები 4 მარტს გაიმართა. შედეგების გამოცხადებიდან 9 კვირის მანძილზე პარტიები სამთავრობო კოალიციის შესაქმნელად მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
ბერლუსკონის მემარჯვენე-ცენტრისტულმა კოალიციამ ხმათა 37% მიიღო. მეორე ადგილზე პოპულისტური პარტია "5 ვარსკვლავის მოძრაობაა" 32%-ით, ხოლო დემოკრატიული პარტიის მემარცხენე-ცენტრისტულმა კოალიციამ ხმათა მხოლოდ 23% დააგროვა.
"ჩრდილოეთის ლიგამ" საკუთარ ამომრჩევლებს საშუალება მისცა ხმა მიეცათ "5 ვარსკვლავის მოძრაობასთან" კოალიციის გეგმისათვის. შეთანხმება გადასახადების შემცირებას, სოციალურ პროგრამებზე გაზრდილ ხარჯებს და საპენსიო რეფორმის გაუქმებას მოიცავს. "5 ვარსკვლავის მოძრაობის" მხარდამჭერებმა საკუთარი პოზიცია ინტერნეტის მეშვეობით დააფიქსირეს. არაფორმალურ კენჭისყრაში მონაწილეთა 90%-მა შეთანხმებას მხარი დაუჭირა.