ირანი-ისრაელი

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ირანმა წითელი ხაზი გადაკვეთა

ბენიამინ ნეთანიაჰუ და ვლადიმირ პუტინი
Getty Images

YouTube-ზე გავრცელებულ მიმართვაში ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანმა გოლანის მაღლობზე სარაკეტო იერიშის მიტანით "წითელი ხაზი გადაკვეთა" და ამიტომ ისრაელის საპასუხო ქმედება შესაფერისი იყო.

ნეთანიაჰუს თქმით სრაელისათვის წითელ ხაზს სირიაში ირანის სამხედრო ძალების გაძლიერება წარმოადგენს.

"ვინც დაგვარტყამს, საპასუხოდ 7-ჯერ ძლიერ დარტყმას მიიღებს. ვინც მოემზადება ჩვენზე თავდასასხმელად, მათ ჯერ ჩვენ დავესხმებით თავს. ამას ვაკეთებდით და ამის კეთებას გავაგრძელებთ." "ოპერაციები სირიაში ირანულ სამიზნეებზე ხორციელდება, თუმცა თუ სირიის არმია იმოქმედებს ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენც ვიმოქმედებთ მათ წინააღმდეგ." თქვა მან.

ბენიამინ ნეთანიაჰუ 9 მაისს რუსეთს ეწვია და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა. მან პუტინთან სირიაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისრაელს აქვს უფლება და ვალდებულება თავი დაიცვას ირანული აგრესიისაგან. გავრცელებული ცნობით, ისრაელმა თავდასხმის განხორციელებამდე ამის შესახებ რუსეთის ძალებს ინფორმაცია მიაწოდა.

ნეთანიაჰუ ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, ტერეზა მეისაც ესაუბრა და მასთან რეგიონში მიმდინარე მოვლენები და ირანიდან მომავალი აგრესია განიხილა. დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი და რუსეთი მხარეებს თავშეკავებისაკენ მოუწოდებენ.

აშშ ირანის რეჟიმის "პროვოკაციულ სარაკეტო თავდასხმას" გმობს და მხარს უჭერს ისრაელის უფლებას იმოქმედონ თავდაცვის მიზნით. აშშ სრულ პასუხისმგებლობას ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიას აკისრებს.

შეგახსენებთ, რომ ისრაელმა სირიაში არსებულ ირანის ძალების ინფრასტრუქტურაზე დარტყმები 10 მაისს მიიტანა. გავრცელებული ცნობით, დარტყმები ირანის იარაღის საწყობებზე და ტექნიკურ და სადაზვერვო ცენტრებზე განხორციელდა.

სირიის სახელმწიფო მედიის მიხედვით არმიის ანტისარაკტო თავდაცვის სისტემებმა რაკეტების ჩამოგდება შეძლო, თუმცა დამოუკიდებელი წყაროების მიხედვით რაკეტების ნაწილმა მიზანს მიაღწია და დაღუპულია სულ მცირე 2 ადამიანი.

ისრაელის ეს ქმედება ირანის მიერ სირიის ტერიტორიიდან გოლანის მაღლობის მიმართულებით 20-მდე რაკეტის გასროლას მოჰყვა. ისრაელის ანტისარაკეტო სისტემებმა რაკეტების უმეტესობა ჩამოაგდო. ისრაელის განცხადებით ზარალი მინიმალურია, რადგან რაკეტების ნაწილი თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდო, ხოლო ნაწილმა მიზანს ვერ მიაღწია და სირიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ეს ირანთან ომის დაწყებას არ ნიშნავს და რომ ამით ისრაელმა ირანს მესიჯი გაუგზავნა: "თუ ისრაელში იწვიმებს, ირანში წარღვნა იქნება" განაცხადა მან.

კომენტარები