ჰომოფობია

LGBT უფლებები ადამიანის უფლებებია - თანასწორობის მოძრაობა 1 მაისს აქციას გამართავს

ხვალ, 1 მაისს, თანასწორობის მოძრაობა პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქციას გამართავს. ორგანიზაცია მოითხოვს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები ანუ აღნიშნოს ჰომოფობიის და ტრანსფობიის დღე და უზრუნველყოს ადამიანის უფლებების არაშერჩევითი დაცვა. ამასთან, თანასწორობის მოძრაობა ითხოვს, საქართველოს პარლამენტმა გაათავისუფლოს სოფიო კილაძე ადამიანის უფლებათა დაცვისა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან, "რადგან მისი საქმიანობა და ღირებულებები არ შეესაბამება ადამიანის უფლებების და თანასწორობის პრინციპებს".

ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ 17 მაისის ყოველწლიურად აღნიშვნა 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმაში წერია, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნას არ აპირებს.

„არ აღვნიშნავთ. კარგით რა, არ გინდათ ასეთი პროვოკაციული რაღაცები. გითხარით პასუხი, არ აღვნიშნავთ. ჩვენი ნებაა, გვინდა, აღვნიშნავთ, გვინდა - არა. კომიტეტი რასაც წყვეტს... კომიტეტს არაფერი არ გადაუწყვეტია... გითხარით პასუხი, მაგრამ თქვენ რომ მოგწონთ, ისეთი არ არის" - უთხრა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ „ლიბერალს".

სწორედ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ამ განცხადებას აპროტესტებს თანასწორობის მოძრაობა და აღნიშნავს, რომ კომიტეტის საქმიანობის მიზანია, ხელი შეუწყოს დემოკრატიული და ადამიანის უფლებების პატივისცემაზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობას, უმცირესობების წარმომადგენელთა სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში, ადამიანის უფლებების და სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფას.

"თუმცა:

• უშუალოდ სოფიო კილაძის მიერ მოხდა კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრების ინიცირება, რომელიც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ იქნა შეფასებული როგორც უკანგადადგმული ნაბიჯი ლგბტ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით!

• ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე შერჩევითი პრინციპით უდგება ადამიანის უფლებებს და არაფერს აკეთებს ლგბტ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად; 

სოფიო კილაძე და მისი კომიტეტი ხშირად უჭერენ მხარს ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო ინიციატივებს. შეგახსენებთ, რომ სოფიო კილაძე ასევე ღიად უჭერს მხარს რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას საქართველოში, რომელიც საქართველოს მოქალაქეების სისტემური ჩაგვრის ინსტრუმენტია.

დღესდღეობით, საჯაროდ გაცხადებული მიზნების მიუხედავად, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი და კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე სისტემატიურად უგულვებელყოფს ადამიანის უფლებებს" - აცხადებს თანასწორობის მოძრაობა.

კომენტარები