ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვანისა და ხონის შუალედური არჩევნების აქტივობის მაჩვენებელი გამოაქვეყნა. 15:00-ის მდგომარეობით ხმა 19,789-მა მოქალაქემ მისცა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 41.1%-ია. 12:00-ისთვის კი საკუთარი პოზიცია ამომრჩეველთა 24.3%-ს ჰქონდა დაფიქსირებული.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით ამომრჩეველთა ეს აქტივობა 2%-ით დაბალია. მაშინ 15:00-ისთვის საკუთარი არჩევანი ოლქის მაცხოვრებელთა 43%-ს ჰქონდა გაკეთებული. საბოლოო აქტივობა კი 65%-ს შეადგენდა. თუმცა, შუალედური არჩევნებისთვის ეს აქტივობა მაინც მაღალია.
დღეს, ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება. ოლქში რეგისტრირებულმა 48 ათასმა ამომრჩეველმა არჩევანი ექვს კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს. მათგან ორი უმთავრესი კანდიდატი გიგი უგულავა და გივი ჭიჭინაძეა.
შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ქართული ოცნების დეპუტატმა გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაინაცვლა. ლილუაშვილი, რომელიც ხონისა და ვანის მაჟორიტარი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა, ამჟამად ვახტანგ გომელაურის მოადგილეა.





