სალომე ტატიშვილის საქმე

პროკურატურა ტატიშვილის საქმეზე: ლიპარტელიანმა წინდახედულობის ნორმები უგულებელყო

ნინო ჟვანია

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 12 წლის სალომე ტატიშვილის დაღუპვაში საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი შეიცვალა, პროკურატურა ეხმაურება.

უწყება აცხადებს, რომ ლიპარტელიანი, რომელიც დამნაშავედ იქნა ცნობილი, საქართველოში არ იმყოფება,  მაგრამ "სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების მიზნით გატარებული იქნება ყველა საჭირო ღონისძიება, რათა მოხდეს მსჯავრდებულ ლიპარტელიანის ადგილსამყოფელის დადგენა და მისი დაკავება". 

პროკურატურის თქმით, "სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 10 იანვარს სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში, ე.წ. „კუდები 3“ ტრასაზე თხილამურით სრიალისას გიორგი ლიპარტელიანმა უგულებელყო წინდახედულობის ნორმები, არ გაუწია კონტროლი თავის მოძრაობას, არ შეუფარდა სრიალის სიჩქარე და მანერა არსებულ პირობებს და გარემოს, არ შეარჩია წინა მოსრიალისთვის უსაფრთხო მარშრუტი და დისტანცია და უკნიდან, დიდი სისწრაფით შეეჯახა იმავე სასრიალო ტრასაზე მოსრიალე არასრულწლოვან 12 წლის სალომე ტატიშვილის, რომელიც შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო ადგილზე გარდაიცვალა". 

სალომე ტატიშვილი 2016 წლის 10 იანვარს დაიღუპა, როცა მას ზურგის მხრიდან დიდი სიჩქარით მოსრიალე გიორგი ლიპარტელიანი დაეჯახა.

პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო. 

თითქმის 2-წლიანი სასამართლო განხილვის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა გიორგი ლიპარტელიანი გაამართლა. გადაწყვეტილება ბრალდებამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 

სააპელაციოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, გიორგი ლიპარტელიანი დამნაშავედ იქნა ცნობილი და სასჯელად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ლიპარტელიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ საზღვარგარეთ იმყოფება, სააპელაციო სასამართლოში სხდომები, მისივე განცხადების საფუძველზე, მის დაუსწრებლად იმართებოდა.

კომენტარები