პრეზიდენტის შეწყალება

პრეზიდენტი: შსს ცდილობს, პასუხისმგებლობა გადაიტანოს შეწყალების პროცესზე

facebook.com/PresidentMargvelashvili

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ცდილობს, პასუხისმგებლობა შეწყალების პროცესზე გადაიტანოს. გიორგი მარგველაშვილი 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულის ვეფხია ბაქრაძის შეწყალებაზე შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, "ვერ მოხდება შსს-ს მკაცრი პოლიტიკის აღსრულება პრაქტიკაში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ეფექტურად დაცვა, თუ პრეზიდენტი არ გაატარებს მკაცრ პოლიტიკას მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებთან მიმართებით”.

"მესმის შსს-ს მძიმე მდგომარეობა, მათ აქვთ მცდელობა, პასუხისმგებლობა გადაიტანონ შეწყალების პროცესზე, მიუხედავად იმისა, რომ კავშირი დანაშაულის ჩადენასა და ექვსი თვის მოკლებას შორის არ არსებობს.

მაგრამ მათ წინაშეც რთული კითხვებია. მე არაერთხელ შემიქია შინაგან საქმეთა სამინისტრო იმ ყურადღებიდან გამომდინარე, რომელსაც ისინი იჩენენ ოჯახური ძალადობის მიმართ. ცოტა ხნის წინ რამდენიმე წევრი დავაჯილდოვე კიდეც და შსს ამ მიმართულებით კარგად მუშაობს.

მაგრამ კონკრეტულად ამ შემთხვევაში, არის კითხვები. 2014 წლის აგვისტოში რომ იყო ჩადენილი ძალადობრივი დანაშაული, ეს ადამიანი [ვეფხია ბაქრაძე] ამის გამო საერთოდ არ დაუკავებიათ, ოთხთვენახევარი გარეთ იყო. როდესაც მივიდა პირდაპირ თხოვნით დაზარალებული დაცვის თაობაზე და რომ მის წინააღმდეგ სიცოცხლის მუქარაა, მხოლოდ შემაკავებელი ორდერი იყო პასუხი" - თქვა პრეზიდენტმა.

13 აპრილს, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი ცივი იარაღით მოკლეს. ბრალდებული მოკლულის დედის ყოფილი ქმარი ვეფხია ბაქრაძეა. მის მიმართ, მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, პოლიციას შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. 

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ვეფხია ბაქრაძე ოჯახში ძალადობისთვის წარსულშიც იხდიდა სასჯელს. ის პრეზიდენტმა შეიწყალა და საპატიმრო ვადა გაუნახევრა. ბაქრაძემ საპატიმრო 2017 წელს დატოვა. პრეზიდენტის განმარტებით, ოჯახში ძალადობაში მსჯავრდებულს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან "უაღრესად დადებითი დახასიათება ჰქონდა".

კომენტარები