აშშ-რუსეთი

დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინს თეთრ სახლში სამიტის გამართვა შესთავაზა

BBC

თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონლდ ტრამპმა "არც ისე შორეულ მომავალში" ვლადიმირ პუტინის თეთრ სახლში მიღების ინიციატივა წამოაყენა.

თეთრი სახლის სპიკერმა, სარა სანდერსმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ ტრამპმა და პუტინმა სამიტის გამართვა 20 მარტს შემდგარი სატელეფონო საუბრისას განიხილეს და რომ თეთრი სახლი შეხვედრის შესაძლო ადგილი იყო.

ამის შესახებ განცხადება თავდაპირველად კრემლმა გააკეთა მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ რუსეთს სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო აშშ-დან გაძევებული 60 დიპლომატის ჩანაცვლება შეეძლება, ვინაიდან, მიუხედავად დიპლომატების გაძევებისა, აშშ-ს რუსული დიპლომატიური მისიის შემადგენლობის შემცირება არ მოუთხოვია. გავრცელებული ცნობით, რუსეთიდან გაძევებულ ამერიკელ დიპლომატებს ჩაანაცვლებს აშშ-ც.

შეგახსენებთ, რომ 20 მარტს დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. მან Twitter-ზე ეს გადაწყვეტილება დაიცვა და კრიტიკას უპასუხა:

"მე დავურეკე რუსეთის პრეზიდენტ პუტინს რათა მიმელოცა მისთვის არჩევნებში გამარჯვება (წარსულში, ობამამაც დაურეკა). დეზინფორმაციის გამავრცელებელი მედია გაგიჟდა იმიტომ, რომ სურდათ ის გამეტყავებინა. ისინი ცდებიან! რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა (და სხვებთანაც) კარგია და არა ცუდი რამ...მათ შეუძლიათ დაგვეხმარონ პრობლემების გადაჭრაში ჩრდილოეთ კორეასთან, სირიასთან, უკრაინასთან, ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან, ირანთან და გამალებულ შეიარაღებაზეც კი. ბუშიც ცდილობდა ნორმალური ურთიერთობების ქონას, თუმცა არ ჰქონდა საკმარისი "ჭკუა". ობამა და კლინტონიც ცდილობდნენ, მაგრამ არ ჰქონდათ საკმარისი ენერგია. მშვიდობა ძლიერების მეშვეობით!"

გავრცელებული ცნობით ტრამპის მრჩევლებმა მას ბრიფინგის მასალებში სპეციალურად დაუწერეს "არ მიულოცო", თუმცა ტრამპმა მათი რჩევა არ გაითვალისწინა.

კომენტარები