თბილისის გენგეგმის ავტორი არ გამორიცხავს, მერიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართოს

რადიო თავისუფლება

თბილისის გენერალური გეგმის ავტორი კომპანიის, "სითი ინსტიტუტის" გენერალური დირექტორი არ გამორიცხავს, რომ თბილისის მერიას სასამართლოში უჩივლოს. 

მერია კომპანიის მიერ მომზადებულ დოკუმენტთან შენიშვნები აქვს და მას მხარს არ უჭერს. მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა თქვა, რომ არადამაკმაყოფილებელია რუკებისა და სხვა ინფორმაციის ხარისხი, მეექვსე ტომის განხორციელების ეტაპები, პროექტის მომზადება კერძო საკუთრების ცნების ინტეგრირების გარეშე და სხვა. 

თუმცა, მამუკა სალუქვაძე თვლის, რომ მართალია, მზად არის, გენგეგმა მერიას ხვალ ეროვნულ ბიბლიოთეკაში აჩვენოს. 

„ჩვენ მზად ვართ პრეზენტაცია ვანახოთ და ამისთვის ხვალ ვიწვევთ ეროვნულ ბიბლიოთეკაში  მერიის წარმომადგენლებს. ძალიან კარგი იქნება თუ ბატონი კახაც მობრძანდება. დიდი სიამოვნებით ჩვენ ჩვენს პასუხებს შევთავაზებთ იმ კითხვებზე, რომელიც არის. თუ მიგვაჩნია, რომ მართლები ვართ და ესეც მიგვაჩნია მაშინ იქნება სასამართლო დავაც. ეს არ არის პოლიტიკური დოკუმენტი. ეს არავის პოლიტიკური დოკუმენტი არ არის. ეს არის ზეპარტიული დოკუმენტი და ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ეს არის სრულიად საჭირო და მნიშვნელოვანი ქალაქისათვის".

სალუქვაძე მერიის მხრიდან დამოკიდებულებას შეურაცხმყოფელს უწოდებს. 

"შეურაცხმყოფელი იყო ის რაც ჩვენ დავინახეთ. პატარა ბავშვებივით, რომ დასვეს ძალიან მხცოვანი და გამოცდილი არქიტექტორები და თითი უქნიეს". 

თბილისის მერმა და მისმა მოადგილეებმა ქალაქის გენგეგმა დღეს პარლამენტში მხოლოდ ქართული ოცნების წევრებთან ერთად განიხილეს. კახა კალაძემ თქვა, რომ ოპოზიცია სხდომაზე მიიწვია, ისინი კი არ გამოცხადდნენ, თუმცა "ევროპული საქართველოს" წევრი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ეს ტყუილია და ისინი არავის მიუწვევია.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ქალაქის მერი, ბატონო კახი კალაძე უნდა ვამხილო კონკრეტულ ტყუილში, რომელიც მან დღეს თქვა, რომ თითქოს ოპოზიცია არ მივიდა პარლამენტში გენგეგმის განხილვაზე. თითქოს ჩვენ კითხვები არ გვაქვს. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ, ოპოზიცია შეხვედრაზე მიწვეულები არ ვიყავით. შეხვედრის დაწყებიდან 12 წუთში თვითმმართველობის აპარატმა დარეკა  ჩვენთან და თქვა, რომ შეგვიძლია შეხვედრაზე მივიდეთ. ეს არის მიზანმიმართული ტყუილი იმიტომ, რომ კალაძემ მართლა ძალიან ცუდ მდგომარეობაში მოიმწყვდია თავი ამ გენგეგმასთან დაკავშირებით. მათ შეხვედრა დახურეს. მათ არ უნდათ კრიტიკის გაგება,"- თქვა ელენე ხოშტარიამ

კომენტარები