სახელმწიფო ინსპექტორი

სახელმწიფო ინსპექტორი - იქნება თუ არა დამოუკიდებელი ახალი საგამოძიებო უწყება

2019 წლის პირველი იანვრიდან “სახელმწიფო ინსპექტორის” შექმნა იგეგმება. მთავრობის ცნობით, ეს იქნება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც სამართალდამცველთა მიერ წამების, არასათანადო მოპყრობის და სხვა დანაშაულებს გამოიძიებს. უწყება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატთან გაერთიანდება. თუმცა, იქნება თუ არა მართლაც დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი და რამდენად რეალური საგამოძიებო უფლებამოსილებებით იქნება აღჭურვილი, კითხვის ნიშნის ქვეშ არაერთი მიზეზის გამო დგება.

“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ” იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა პარლამენტის კომიტეტებში გასულ კვირას დაიწყო. დამოუკიდებელი საგამოძიები მექანიზმის შექმნას როგორც სახალხო დამცველი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” რამდენიმე წელია ითხოვს, რადგან პრაქტიკაში, სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილი დანაშაულებზე პროკურატურის რეაგირება არაეფექტურია - ომბუდსმენის აპარატმა 2013 წლიდან 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით უწყებას ამ ტიპის დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით 72-ჯერ მიმართა და გამოძიებაც დაიწყო, თუმცა არც ერთი მათგანი დევნით არ დასრულებულა.

ასევე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2016 წლის ნოემბრის შემდეგ, პოლიციის მხრიდან წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ, სულ მცირე, 20 და საპყრობილეების თანამშრომლების მხრიდან 5 განცხადება მიიღო. საია-ს ცნობით, არც ერთ ამ ბრალდებაზე სათანადო გამოძიება არ ჩატარებულა.

თუმცა, როგორც გაირკვა, იუსტიციის სამინისტრომ დოკუმენტის შექმნისას არც ომბუდსმენის და არც კოალიციის მოთხოვნები არ გაითვალისწინა. არასამთავრობო სექტორი კანონპროექტთან დაკავშირებით შემდეგ პრობლემურ საკითხებს გამოყოფს:

  • სახელმწიფო ინსპექტორის მიერ ჩატარებულ გამოძიებას ზედამხედველობას პროკურორი გაუწევს.
  • ასევე, პროკურორი გადაწყვეტს, ინსპექტორის მიერ ჩატარებული გამოძიების საფუძველზე, წაიღოს თუ არა საქმე სასამართლოში.
  • ინსპექტორს არ ექნება საშუალება, შეისწავლოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულები.
  • ინსპექტორის მონაწილეობა გამორიცხულია უფლებამოსილების გადამეტების მუხლით ჩადენილი დანაშაულების შემთხვევებში.

საპროკურორო ზედამხედველობა
 

კანონპროექტის 22-ე მუხლში ნათქვამია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოსაძიებელ საქმეებზე ზედამხედველობას პროკურატურაში არსებული შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ახორციელებს, რომელიც, თავის მხრივ, მთავარ პროკურორს ექვემდებარება.

არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით ეს პრობლემაა, ვინაიდან ინსპექტორის ინსპექტორის სამსახურს უნდა მიეცეს საშუალება, ყველა საგამოძიებო მოქმედება დამოუკიდებლად წარმართოს, წინააღმდეგ შემთხვევაში თავად ინსპექტორის დამოუკიდებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

“რთულად წარმოსადგენია, რას შეცვლის ახალი სამსახურის შექმნა მხოლოდ საგამოძიებო ფუნქციით, მაშინ როდესაც მის მიერ წარმართულ გამოძიებას კვლავაც ის უწყება უხელმძღვანელებს, რომელიც აქამდე ხელმძღვანელობდა და რომლის მიმართაც ყველაზე მეტი პრეტენზია არსებობს.  

აუცილებელია, დამოუკიდებელ მექანიზმს ჰქონდეს გამოძიების სრულად და დამოუკიდებლად წარმართვის საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ პროკურატურაზე დამოუკიდებელ სტრუქტურას, რომელიც პრაქტიკული დამოუკიდებლობის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს. ინსპექტორის აპარატს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ყველა საგამოძიებო მოქმედება დამოუკიდებლად განახორციელოს და მხოლოდ ამის შემდგომ მიმართოს პროკურატურას”, - ამბობს სოფო ასათიანი, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს წარმომადგენელი.

შს მინისტრისა და სუს-ის უფროსის შესაძლო დანაშაულების გამოძიების უფლების არქონა
 

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის ეფექტურად ფუნქციონირებისთვის ასევე მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის უფლებამოსილება შინაგან საქმეთა მინისტრსა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსზე გავრცელდეს.

კანონპროექტის მიხედვით, ინსპექტორი ვერ შეძლებს, გამოიძიოს დანაშაულები, თუ ისინი ჩადენილია საქართველოს შს მინისტრის ან სუს-ის უფროსის მიერ. მაშინ, როცა ისინი სამართალდამცავ ორგანოებს ხელმძღვანელობენ და რეალურად გააჩნიათ შესაძლებლობა, ათასობით დაქვემდებარებულ პირს მიცემა მითითება, ბრძანება და დაავალონ კონკრეტული ქმედების განხორციელება.

აქედან გამომდინარე, არალოგიკურია მექანიზმის მანდატის შეზღუდვა იმ პირთა მიმართ, ვის ხელშიც ყველაზე მეტად არის კონცენტრირებული ძალაუფლება. ეს პირთა გარკვეული წრეებისთვის დაუსჯელობის სინდრომს გაამყარებს.

ინსპექტორის მონაწილეობის აუცილებლობა უფლებამოსილების გადამეტების საქმეებშიც
 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შეეძლება გამოიძიოს წამების, წამების მუქარის, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის მუხლებით დაკვალიფიცირებული საქმეები (სისხლის სამართლის კოდექსის 144/1, 144/2 144/3 მუხლები), ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეები, როდესაც ის ჩადენილია არაერთგზის, ძალადობით ან იარაღის გამოყენებით; დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით და სხვა.

მაგრამ საქმეები, რომლებიც ეხება მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, რომელსაც, კვალიფიკაციის მინიჭების დროს არ ახლავს დამამძიმებელი გარემოებების შესაბამისი ქვეპუნქტები, ინსპექტორის უფლებამოსილებას სცდება და გამოძიებაში მის მონაწილეობას გამორიცხავს. .

“ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები საუბრობენ ნარკოტიკების ჩადებაზე, ყოფილა თვითმკვლელობამდე მიყვანის ტრაგიკული შემთხვევები. არსებული კანონპროექტით, მსგავს შემთხვევებს ინსპექტორი ვერ გამოიძიებს. ჩვენ ვთვლით, რომ მსხვერპლის მიმართვის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით, ინსპექტორის სამსახურს უნდა ჰქონდეს უფლება, გაეცნოს საქმის მასალებს და თავად გადაწყვიტოს, ექცევა თუ არა საქმე მის იურისდიქციაში”, - ამბობს სოფო ასათიანი. 

კომენტარები