Facebook

გატეხილი სახელი - რა ხდება Facebook-ის გარშემო

2016 წლის 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება მთელი მსოფლიოსთვის მოულოდნელი იყო. ყველა სოციოლოგიური კვლევა მიანიშნებდა, რომ 45-ე პრეზიდენტი ჰილარი კლინტონი გახდებოდა. სწორედ ეს მოულოდნელობა გახდა სხვადასხვა კონსპირაციის მიზეზი, თუ რა გზები გამოიყენა რესპუბლიკელმა კანდიდატმა გამარჯვების მისაღწევად.

რამდენიმე დღეა, რაც პლანეტის ყველაზე დიდი სოციალური ქსელი, რომელსაც ყოველთვიურად 2.1 მილიარდი მომხმარებელი იყენებს, 13-წლიანი არსებობის განმავლობაში ყველაზე დიდ სკანდალშია გახვეული. New York Times-ის, Channel 4-სა და The Guardian-ის ჟურნალისტური გამოძიებიდან ირკვევა, რომ facebook-ის 50 მილიონი მომხმარებლის ანგარიში დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულმა კომპანია Cambridge Analytica-მ საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენა.

მარკ ზაკერბერგმა მომხდარზე პირველი განმარტება უკვე გააკეთა, CNN-თან საუბარში მილიარდერმა აღიარა, რომ Facebook-მა წარსულში შეცდომა დაუშვა, რითიც “არაკეთილსინდისიერმა დეველოპერებმა” ისარგებლეს და მათ მილიონობით მომხმარებლის პერსონალური მონაცემის შეგროვება შეძლეს. ზაკერბერგმა აღნიშნა, რომ მდგომარეობის გამოსწორებისთვის Facebook-ი აქტიურ ნაბიჯებს გადადგამს და რომ კომპანია უკვე წლებია ამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს.

ზაკერბერგის განცხადება დაგვიანებული აღმოჩნდა. საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების ღირებულება $185-დან $168-მდე დაეცა, რის შედეგადაც კომპანიამ $50 მილიარდამდე დაკარგა. ამ განცხადების შემდეგ facebook-ის აქციების ღირებულება მცირედით გაიზარდა და ის ახლა $169-ად ივაჭრება.

რა მოხდა

2013 წელს facebook-ში გავრცელდა აპლიკაცია - this is your digital life, რომელიც სპეციალური ქვიზის მეშვეობით მომხმარებლებს მათი პიროვნების ტიპის დადგენას სთავაზობდა. სინამდვილეში აპლიკაცია მომხმარებელთა შესახებ ფსიქოლოგიური მონაცემებისა და მათი მეგობრებისა და ახლობლების შესახებ, ასევე მათი მისამართისა და სხვა პერსონალური მონაცემების შეგროვებისთვის იყო შექმნილი.

აპლიკაციის ავტორი კემბრიჯის უნივერსიტეტის აკადემიკოსი ალექსანდრ კოგანი იყო. ქვიზი 300,000-მდე პირმა შეავსო. აპლიკაციის დაყენების დროს მომხმარებელმა თავად უნდა მისცეს თანხმობა მისცეს წვდომა აპლიკაციას მის მონაცემებთან, შესაბამისად ქვიზს არ დაურღვევია წესები, რადგანაც თანხმობა მომხმარებლებისგან მიიღო. თუმცა პრობლემა ისაა, რომ ამ პირებმა არ იცოდნენ სინამდვილეში რა მონაცემებს აგროვებდა აპლიკაცია მათ შესახებ.

ქვიზის შევსებით this is your digital life-ს წვდომა მიეცა მათი მეგობრების 50 მილიონ ანგარიშზე, ვინც ის შეავსო.

Cambridge Analytica-ს ყოფილი თანამშრომელი კრისტოფერ ვაილი აცხადებს, რომ ეს მონაცემები კომპანიის ხელში აღმოჩნდა, რომელმაც ის დაამუშავა და 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გამოიყენა.

ამ მეთოდს ფსიქოგრაფიკა ეწოდება. Cambridge Analytica სწორედ ფსიქოგრაფიკის პრაქტიკულ გამოყენებაზე სპეციალიზდება. კომპანიამ 50 მილიონი Facebook-ის მომხმარებლისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე Big Data ალგორითმით შექმნა თითეული ამ პირის ქცევითი მოდელი. ეს მოდელები წინასაარჩევნო პერიოდში დონალდ ტრამპის კამპანიის პოპულარიზებისთვის გამოიყენეს.

თავად Cambridge Analytica მომხდართან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

მარკ ზაკერბერგის პასუხი

“მსურს Cambridge Analytica-სთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის შესახებ მოგახსენოთ, ასევე გითრხათ რა ნაბიჯები გადავდგით ამ საკითხის გადასაჭრელად.

ჩვენ გვაქვს ვალდებულება დავიცვათ თქვენი მონაცემები და თუ ამას ვერ ვაკეთებთ, არ გვაქვს უფლება, თქვენ გემსახუროთ. მე ვცდილობდი, ზუსტად გამეგო, რა მოხდა და რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რათა ეს მომავალში აღარ განმეორდეს. კარგი ამბავი ისაა, რომ ამის შესაჩერებლად ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადავდგით. ეს ნიშნავს, რომ დღეს ეს აღარ განმეორდება.

ეს არის მომხდარის აღწერა:

2007-ში ჩვენ გავუშვით Facebook პლატფორმა იმ ხედვით, რომ უფრო მეტი აპლიკაცია უნდა იყოს ადამიანებს შორის გაზიარებადი. თქვენს კალენდარში უნდა ჩანდეს თუ როდის აქვთ თქვენს მეგობრებს დაბადების დღეები, თქვენს რუკაზე უნდა ჩანდეს, სად ცხოვრობენ თქვენი მეგობრები, საერთო ფოტოებზე უნდა ჩანდეს თუ სად გადაიღეს ისინი. ამისთვის ჩვენ უფლება მივეცით მომხმარებლებს, გაწევრიანებულიყვნენ სპეციალურ აპლიკაციებში და ისინი მეგობრებისთვის გაეზიარებინათ.

2013 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარმა ალექსანდრ კოგანმა შექმნა პიროვნების ტიპის დამდგენი ქვიზი. ეს აპლიკაცია დააყენა დაახლოებით 300,000-მა ადამიანმა. აპლიკაციას წვდომა ჰქონდა მისი მომხმარებლების მეგობრების სიასთან და მათ შესახებ სხვა მონაცემებთან. ეს ინფორმაცია აპლიკაციას მიეცა იმ მონაცემთა პოლიტიკის შედეგად, რაც მაშინ facebook-ს ჰქონდა.

2014 წელს იმისთვის, რათა არაკეთილსინდისიერი აპლიკაციების მიერ მომხმარებლებზე დიდძალი ინფორმაციის შეგროვება თავიდან აგვერიდებინა, შევცვალეთ მონაცემთა პოლიტიკა. კოგანის მიერ შექმნილი აპლიკაციების მსგავს პროგრამებს შეეზღუდათ წვდომა იუზერის მეგობრებთან. ასევე, შევცვალეთ წესები, რომლის მიხედვითაც აპლიკაციებს შესაბამისი ინფორმაციის მოპოვებისთვის ჯერ ჩვენი ავტორიზაცია ესაჭიროებათ. შესაბამისად, გატარებული ცვლილებები არის გარანტია იმისა, რომ დღეს ასეთი რამ აღარ მოხდება.

2015 წელს ჩვენ Guardian-ის ჟურნალისტებისგან შევიტყვეთ, რომ კოგანმა მისი აპლიკაციის მეშვეობით მოპოვებული ინფორმაცია მიაწოდა კომპანია Cambridge Analytica-ს. ეს ჩვენი წესების დარღვევაა.  ამიტომაც კოგანის აპლიკაცია დაუყოვნებლივ დავბლოკეთ. ასევე ჩვენ დამატებითი განმარტებების გასაკეთებლად მივმართეთ კოგანსაც და Cambridge Analytica-საც. მათ ოფიციალურად შეგვატყობინეს, რომ დარღვევით მოპოვებული ინფორმაცია წაშალეს.

გასულ კვირაში ჩვენ New York Times-იდან, Channel 4-დან და The Guardian-იდან შევიტყვეთ, რომ სინამდვილეში Cambridge Analytica-მ ეს მონაცემები არ წაშალა. მათი მტკიცებით კი, ეს ინფორმაცია არ აქვთ და მზად არიან გაიარონ დეტალური შემოწმება ამის დასადასტურებლად.

მილიონობით მომხმარებელს იმედი აქვს, რომ ჩვენ მათ მონაცემებს საიმედოდ ვიცავთ, ეს შემთხვევა კი არამხოლოდ facebook-ს, ალექსანდრ კოგანსა და Cambridge Analytica-ს შორის ნდობის დარღვევას, არამედ facebook-სა და მის მომხმარებლებს შორის ნდობის შერყევას ნიშნავს.

2014 წელს ჩვენ უკვე გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. შევზღუდეთ ცუდი აქტორების დაშვება მომხმარებელთა ინფორმაციაზე. თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია. მსურს წარმოგიდგინოთ მომავალში დაგეგმილი სიახლეები:

  1. ჩვენ დეტალურად შევისწავლით იმ აპლიკაციებს, რომელთაც დიდი რაოდენობის მომხმარებლებზე ჰქონდათ წვდომა, იქამდე, სანამ 2014 წელს წესებს შევცვლიდით. ჩავატარებთ დეტალურ აუდიტს იმ საეჭვო აპლიკაციების მიმართ, რომლებიც, ჩვენი შეფასებით, წესებს არღვევდნენ. დავბლოკავთ ყველა დეველოპერს, რომელიც ამ აუდიტზე უარს იტყვის.
  2. კიდევ უფრო მეტად შევზღუდავთ აპლიკაციების დაშვებას მომხმარებელთა ანგარიშებზე. მაგალითად, აპლიკაციას თქვენს მონაცემებზე წვდომა შეეზღუდება, თუ გასული 3 თვის განმავლობაში ის არ გამოგიყენებიათ. შევზღუდავთ წვდომას - მათ მხოლოდ თქვენი პროფილის ფოტოს, თქვენი სახელის და ელექტრონული ფოსტის მისამართის გაგება შეეძლებათ. უახლოეს დღეებში კიდევ უფრო მეტ ცვლილებას გავატარებთ.
  3. ჩვენ გვსურს, უკეთ იცოდეთ, რომელი აპლიკაციებისთვის გაქვთ თანხმობა მიცემული თქვენს მონაცემებთან წვდომაზე. აპრილში Fews Feed-ში დავამატებთ ახალ ღილაკს, რომლითაც თქვენ მარტივად შეგიძლიათ ნახოთ, რომელი აპლიკაციებისთვის გაქვთ თქვენს მონაცემებზე წვდომა მიცემული. ამის ნახვა setting-ებში ახლაც შეგიძლიათ, თუმცა ეს ღილაკი ბევრად უფრო მარტივად ხელმისაწვდომი იქნება, რათა უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს ის.

უკვე გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯები, ჩემი აზრით, პლატფორმის დაცულობას კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს.

მე დავაფუძნე facebook-ი და მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს პლატფორმაზე. ყოველთვის მაქსიმალური სერიოზულობით ვუდგები  საზოგადოების დაცულობის საკითხებს. ის, რომ მომავალში ასეთი შემთხვევებისგან დაცული ვიქნებით, არ ცვლის გარემოებას, რომ ასეთი ფაქტი უკვე მოხდა. ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით  ვისწავლით, როგორ გავხადოთ facebook-ი უფრო დაცული.”

რა არის Cambridge Analytica

Cambridge Analytica 2013 წელს ბრიტანულმა კომპანია SCL Group-მა დააფუძნა. თავად SCL Group-ის უკან კი ამერიკელი IT მილიარდერი რობერტ მერსერი დგას. 71 წლის მერსერი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ხელოვნური ინტელექტის ალგორითმი შექმნა. მერსერი ერთერთი მსხვილი საინვესტიციო ფონდის Renaissance Technologies-ის თანათავმჯდომარეა.

მერსერი Brexit-ის კამპანიის დროს ნაიჯელ ფარაჯის კამპანია Leave-ის ერთერთი მხარდამჭერი იყო. BBC-ის ინფორმაციით, მისი Cambridge Analytica ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების ციფრული საინფორმაციო კამპანიის სტრატეგიის ერთერთი მთავარი ავტორი იყო. თუმცა კომპანიის დირექტორი ალექსანდერ ნიქსი ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ Cambridge Analytica-ს წარმომადგენლები Brexit-ის კამპანიის ღონისძიებებს ესწრებოდნენ, თუმცა მასში არ მონაწილეობდნენ.

ამ უარყოფის მიზეზი შესაძლოა იყოს ბრიტანული საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნა, რომლის მიხედვით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საარჩევნო შემოწირულობები ეკრძალებათ. რობერტ მერსერი კი აშშ-ის მოქალაქეა, შესაბამისად მის კომპანიას ოფიციალურად Brexit-ის კამპანიაში მონაწილეობა არ შეეძლო.

რობერტ მერსერი ამერიკული მემარჯვენე მედიის -  Breitbart News-ის ყოფილი რედაქტორის სტივ ბანონის მეგობარია. ბანონი წარსულში Cambridge Analytica-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც იყო.

Cambridge Analytica დატა მაინინგზე, დიდი ზომის ინფორმაციის დამუშავებასა და სტრატეგიული კომუნიკაციის შესწავლაზე ორიენტირდება. ისინი იყენებენ მეთოდს, რომელსაც ფსიქოგრაფიკა ეწოდება.  ფსიქოგრაფიკა არის ბიჰევიორისტული ფსიქოლოგიის ნაწილი, რომელიც ადამიანთა ქცევის აღწერით ცდილობს შეისწავლოს პიროვნებები.

კომპანია ამ მეთოდის მეშვეობით ცდილობს შექმნას ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაციის კამპანია.

ჰქონდა თუ არა Cambridge Analytica-ს არჩევნებზე რაიმე გავლენა იმის გათვალისწინებით, რომ მათი კლიენტი იყო ტედ კრუზიც, რომელმაც ტრამპთან პრაიმერი წააგო

Cambridge Analytica თავდაპირველად არა დონალდ ტრამპის, არამედ ტეხასის სენატორის ტედ კრუზის კამპანიაზე მუშაობდა. კომპანიას ზუსტად იგივე სამუშაოს გაკეთება ევალებოდა, რასაც ტრამპის კამპანიისთვის ასრულებდა, ამაში $6 მილიონის გასამრჯელოც მიიღო. თუმცა, “ფსიქოგრაფიკის” ტაქტიკა ამ შემთხვევაში წარუმატებელი გამოდგა. ტედ კრუზმა რესპუბლიკური პარტიის პრაიმერში დონალდ ტრამპთან 44%-ით 25% წააგო.

ამ წაგების შემდეგ, Cambridge Analytica დონალდ ტრამპის კამპანიის ერთერთი კონსულტანტი გახდა და ამაში $11 მილიონი მიიღო. მერსერი თავდაპირველად სწორედ ტედ კრუზს უჭერდა მხარს.

ორმაგი სტანდარტები

დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ 16 თვე გავიდა. დღემდე განიხილება ის, რომ ტრამპმა, რომელიც თავიდანვე აუთსაიდერად განიხილებოდა, წარმატებისთვის გარე ძალების მხარდაჭერა გამოიყენა.  Cambridge Analytica-სა და facebook მომხმარებლებით შესაძლო მანიპულირება სწორედ ამ კამპანიის ნაწილია.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ მილიონობით facebook მომხმარებლის ანგარიშის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება 2012 წლის არჩევნებზეც მოხდა. 2012 წელს, ბარაკ ობამას წინასაარჩევნო კამპანიამ შექმნა facebook აპლიკაცია, რომელიც აქტივაციის დროს იუზერებსა და მათ მეგობრებზე აგროვებდა ინფორმაციას.

ობამას აპლიკაცია აგროვებდა facebook მომხმარებლის მეგობრების დაბადების თარიღების, მათი მისამართების, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა ტიპის პერსონალურ მონაცემებს.

აპლიკაცია ერთ მილიონზე მეტმა მომხმარებელმა დააყენა. ამ პერიოდისთვის facebook-ზე მომხმარებელთა მეგობრების საშუალო რაოდენობა იყო 190. ეს ნიშნავს, რომ ობამას საარჩევნო კამპანიამ 100-190 მილიონამდე მომხმარებლის შესახებ შეაგროვა ინფორმაცია.

ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ობამას საარჩევნო კამპანიას საშუალება მიეცა, გამოეკვეთა გადაუწყვეტელი ამომრჩევლები და შემდგომში მათზე ეწარმოებინა მიზნობრივი კამპანია.

მთავარი სხვაობა ისაა, რომ Cambridge Analytica-მ ეს მონაცემები შეაგროვა ქვიზის მეშვეობით, რომელსაც პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. თუმცა არც პირველ და არც მეორე შემხვევაში, facebook მომხმარებლებს არ ჰქონდათ გაცნობიერებული, თუ რა ტიპის ინფორმაციას გადასცემდნენ ამ აპლიკაციებს.

სოციალური ქსელის გავლენა ადამიანის ემოციაზე

2014 წლის 29 ივნისს ამერიკის მეცნიერებათა აკადემიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა facebook-ის ანალიტიკოსის ექსპერიმენტული კვლევის შედეგები. ექსპერიმენტის მიზანი იყო იმის გარკვევა, თუ რა გავლენა აქვს სოციალურ ქსელს ადამიანთა ემოციაზე.

2012 წლის იანვრის ერთ კვირას Facebook-ი საექსპერიმენტო სივრცედ გადაიქცა. შემთხვევითობის პრინციპით აირჩა 600,000-ზე მეტი მონაწილე ანუ დაახლოებით ერთი მომხმარებელი ყოველი 2500 აქტიური მომხმარებლიდან.

სოციალური ქსელი ადამიანთა ქცევაზე დაკვირვების ერთ-ერთი საუკეთესო სივრცეა. ტრადიციული ქცევითი ექსპერიმენტებისგან განსხვავებით, სოციალურ ქსელში არ არის საჭირო მოხალისეთა ძებნა, ვინც ექსპერიმენტზე დათანხმდება, რადგანაც მის ყოველ მომხმარებელს თანხმობა აქვს ნათქვამი საიტის მიერ შეთავაზებულ Data Use Policy-ზე  რისი მიხედვითაც საიტს შეუძლია მომხმარებლის აქტივობის შესახებ მიიღოს ინფორმაცია ან ექსპერიმენტში ჩართოს ის.

კვლევას Facebook-ის მონაცემთა ბაზების ხელმძღვანელი ადამ კრამერი უძღვებოდა. ექსპერიმენტისთვის შერჩეული პირები სამ - ნეგატიურ, პოზიტიურ და საკონტროლო ანუ ნეიტრალურ ჯგუფად დაყვეს. ცდის პირებს სპეციალურად მათთვის მათემატიკურად გამოთვლილი ალგორითმის მეშვეობით მოძიებული ინფორმაცია ხვდებოდათ News Feed-ში. ნეგატიური ჯგუფისათვის ეს შეიძლება ყოფილიყო სურათები ან ინფორმაცია, რომელიც გაჯერებული იყო უარყოფითი შინაარსით. ცდის პირებს მათ მიერ მოწონებული საინფორმაციო გვერდებიდან News Feed-ებში მხოლოდ უარყოფითი ამბები მისდიოდათ. მათი მეგობრების პოსტებიდან ალგორითმი არჩევდა იმ სიახლეებს, სადაც ნეგატიური შინაარსის სიტყვები ფიგურირებდნენ. პოზიტიური ჯგუფის წარმომადგენლებს კი მხოლოდ დადებითი ნიუსები მისდიოდათ.

ალგორითმი News Feed-ის შედგენის შემდეგ პირის ქმედებებს აკვირდებოდა, კერძოდ კი ცდის პირის პოსტებში ეძებდა პოზიტიურ და ნეგატიურ ნიშნებს და მათ ნეიტრალური, საკონტროლო ჯგუფის შედეგებს ადარებდა.

ექსპერიმენტის შედეგებმა დაადასტურა, რომ სოციალურ ქსელებს ადამიანთა ემოციაზე უმნიშვნელოდ, თუმცა გავლენის მოხდენა მაინც შეუძლიათ. კვლევის თანახმად, ის პირები, ვინც დადებით ან უარყოფით პოსტებს ხედავდნენ, უფრო მეტად აქტიურად წერდნენ საკთარ პოსტებს, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის წევრები. შედეგად დაიდო დასკვნა, რომ ექსტრემალური ემოციები ადამიანებს საკუთარი გრძნობების გამოხატვისკენ აქეზებს.

კომენტარები