პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

2017 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 16%-ით გაიზარდა

საიმონ დოუსონი / Bloomberg

საქსტატმა 2017 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. 2017 წელს საქართველოში ინვესტიციების სახით $1.86 მილიარდი დოლარი შემოვიდა. ქვეყნების მიხედვით, პირველ ადგილზე აზერბაიჯანია. აზერბაიჯანმა საქართველოში შარშან $482 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო, ამ თანხის უდიდესი ნაწილი ახალი მილსადენის მშენებლობაზე დაიხარჯა. 

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება:

  1. აზერბაიჯანი - $482 მილიონი, კლება წინა წელთან 14%
  2. თურქეთი - $279 მილიონი, ზრდა წინა წელთან 36%
  3. გაერთიანებული სამეფო - $250 მილიონი, ზრდა წინა წელთან 109%
  4. ნიდელრანდები - $224 მილიონი, ზრდა წინა წელთან 257%
  5. ჩეხეთი - $133 მილიონი, ზრდა წინა წელთან 108%
  6. აშშ - $74 მილიონი, ზრდა წინა წელთან 31%
  7. არაბეთის გაერთიანებული საემიროები - $62 მილიონი, ზრდა წინა წელთან 84%
  8. პანამა - $54 მილიონი, კლება წინა წელთან 29%
  9. ჩინეთი - $52 მილიონი, ზრდა წინა წელთან 89%

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სიაში მოხვდა ოფშორული ზონაც (პანამა), ქართული ბიზნესები ოფშორებს ხშირად რეინვესტირებისთვის იყენებენ. მსხვილი ქართული კომპანიების ნაწილი ევროკავშირის ტერიტორიაზეა რეგისტრირებული, შესაბამისად მათი ბრუნვის ნაწილი უცხოურ ინვესტიციებად აღიქმება.

საქსტატის მონაცემებით, რეინვესტიციების ზომა 2017 წელს $712 მილიონი იყო, ეს კი მთლიანი ინვესტიციების 38%-ია. რეინვესტიციის ასეთი მაღალი წილი აქამდე არ დაფიქსირებულა. 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემადგენელი ნაწილები არის შემომავალი ნაკადები, ანუ სულ რა ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა ქართულ ბაზარზე და ინვესტორების მიმართ ვალდებულებების შემცირება, რაშიც ინვესტორების მიმართ ვალდებულებების შემცირება და დივიდენდების გაცემა იგულისხმება. გარდა ამისა, გამავალ ნაკადებში შედის სავაჭრო კრედიტის დავალიანების, სესხისა და პროცენტის თანხის გადახდაც. 

ინვესტიციები სექტორების მიხედვით:

ინვესტიციების ზრდა 97%-იანი შეიმჩნევა საფინანსო სექტორში, სადაც 2017 წელს $300 მილიონი ჩაიდო. ასევე მაღალი ზრდაა სასტუმროების სექტორში, სადაც $160 მილიონი ჩაიდო. ინვესტიციები 60%-ით გაიზარდა ენერგეტიკის სექტორში შედეგად მთლიანმა ინვესტიციამ $188 მილიონი შეადგინა. 113%-ით გაიზარდა ინვესტიციები სამშენებლო სექტორში და მისმა მოცულობამ $294 მილიონი შეადგინა.

მკვეთრი შემცირებაა სოფლის მეურნეობაში, აქ შარშან $3 მილიონ დოლარი ჩაიდო, რაც 2016 წელთან შედარებით 60%-ით ნაკლებია. 21%-იანი შემცირებაა ტრანსპორტის სექტორში, სადაც $488 მილიონი ჩაიდო, ასევე 35%-იანი შემცირებაა კავშირგაბმულობის სექტორში, სადაც $38 მილიონი ჩაიდო. 

საქსტატის მონაცემები წინასწარია და შეიძლება შეიცვალოს.

კომენტარები