თამაზ მეჭიაური

მეჭიაური: გჯერათ, იმხელა პოლიტიკური პარტიის ლიდერი ვარ, ქართულ ოცნებას ვავიწროვებ?

თიანეთის მერი პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ თანამშრომლების ბრალდებებს უარყოფს.

თამაზ მეჭიაურმა ტაბულას უთხრა, რომ მათი გათავისუფლების მიზეზი შიდა აუდიტის დასკვნა გახდა.

"მათი გათავისუფლების მიზეზი გახდა შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის მოხსენება, სადაც მიუთითრებდა დარღვევებს მთის კანონთან დაკავშირებით სტატუსის მინიჭებაზე, რომ არასწორად ანიჭებდნენ სტატუსს და გარკვეულ პირებს ჰქონდათ პრივილეგიები. ამის საფუძველზე, კანონის დაცვით შეიქმნა დისციპლინური კომისია, რომელმაც შეისწავლა ეს საკითხი მთლიანად მთიანეთში. 12-დან შვიდ ტერიტორიულ ერთეულში აღმოჩნდა დარღვევები. იყო მძიმე ხასიათის დარღვევებიც, რომელიც ექვემდებარებოდა გათავისუფლებას. მე მაქვს კანონით მონიჭებული უფლება, რომ შევამსუბუქო სასჯელი. ეს უფლება გამოვიყენე რამდენიმე შემთხვევაში, 3 კი გავათავისუფლე. ერთთან არ მქონია პრეტენზია, რომელიც სხვათაშორის, "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარის ძმა არის, ზოგს გამოვუცხადე საყვედური და ზოგს გაფრთხილება. კახა კალაძემ თბილისში ყველა სამსახური შეცვალა და არავის კითხვა არ დაუსვამს, მით უმეტეს, მისი თანაგუნდელები იყვნენ. მე სამ ტერიტორიულ ერთეულში შევცვალე წარმომადგენელი. მე როგორ უნდა ვიმუშაო, ქუცნაშვილს დავეკითხო, ვის დამიტოვებს და ვის არა?", - აცხადებს მეჭიაური ტაბულასთან.

თიანეთის მერი ასევე აღნიშნავს, რომ გათავისუფლებული თანამშრომლები ზაქარია ქუცნაშვილის "პირადი სამოურავოდან" არიან.

"თქვენ გჯერათ, რომ მე იმხელა პოლიტიკური პარტიის ლიდერი ვარ, რომ ქართულ ოცნებას ვავიწროვებ? რა თქმა უნდა არ ვადასტურებ. როცა "ქართული ოცნება" დაარსდა, მე ვიყავი მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი. შემდეგ მე დავიწყე ჩამოყალიბება მცხეთა-მთიანეთის ორგანიზაციის და მათი უმრავლესობა ახლოსაც არ გაკარებია "ქართული ოცნების" შტაბს. ესენი არიან ქუცნაშვილის პირადი სამოურავოდან, მაგათ "ქართული ოცნება" ისე აინტერესებთ, როგორც მე ჩინეთი. ქუცნაშვილს თავისი ბიზნესები აქვს, ჩემი მისვლით შევიწროვდა იქ. ამათ ჩემი წარმომადგენლები ერქვათ, მაგრამ არიან მისი ხელის ბიჭები", - აცხადებს მეჭიაური.

რაც შეეხება ყოფილი თანამშრომლების ბრალდებებს შეშით მომარაგებასთან დაკავშირებით, თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ მერიის წარმომადგენლებს თავიანთი სამოქმედო ტერიტორიის მომარაგების შესახებ ჯერ კიდევ ყოფილი მერისთვის უნდა ეცნობებინათ. მიუხედავად ამისა, თიანეთის ამჟამინდელი მერის მტკიცებით, თანამშრომლებს შეშა გადასცეს, თუმცა, ბიუროკრატიული პროცედურების გამო, პროცესი გაიწელა.

"ეს [ბრალდება] არის აბსურდი. მე შევუდექი საქმიანობას 13 ნოემბერს. ჯერ კიდევ ოქტომბერს თიანეთში მოვიდა ისეთი თოვლი, რომ იქ ადამიანი მართლა ვერ გაძლებდა. მოგეხსენებათ, შეშას იმარაგებენ ზაფხულში, რადგან შემოდგომით უკვე ყინვებია. ჩემს მისვლამდე უნდა ჰქონოდათ მომარაგებული. თანაც ამ ტერიტორიულ ერთეულებში წარმომადგენლებს უშუალოდ ევალებათ არამხოლოდ საკუთარი, არამედ თავის სამოქმედო ტერიტორიაზე მოქმედი საბიუჯეტო თუ არასაბიუჯეტო ორგანიზაციების პრობლემების მიტანა იქამდე, ვის წარმომადგენლებიც არიან. ამიტომ, მათ იმის შესახებ, რომ ეს პრობლემა იყო, ჯერ კიდევ ჩემი წინამორბედისთვის უნდა ეცნობებინათ. გრიგოლ კახოშვილი ჩემი მისვლის წინა დღეს გავიდა შვებულებაში და დაბრუნდა დეკემბერში. მე ვერ გავიგებდი მას დაკეტილ კაბინეტში შეშა ჰქონდა თუ არა. გარდა ამისა, არსებობს გათბობის სხვა საშუალებებიც. როცა გამოვიდნენ და ითხოვეს შეშა, მხოლოდ ერთი მოხსენებითი ბარათი იყო. ამაზე იყო რეაგირება, მაგრამ ამას აქვს პროცედურები - ტენდერი უნდა გამოცხადდეს, რომ შეისყიდო შეშა. გასული წლის ბიუჯეტი გახარჯული იყო და მომდევნო წლის ბიუჯეტი მათივე საკრებულომ არ დაგვიმტკიცა. ამიტომ, პროცესი გაიწელა და 10 იანვრისთვის შევძელით შეშის მიცემა", - აცხადებს თამაზ მეჭიაური.

რაც შეეხება ინტერვიუს "ასავალ-დასავალთან", თიანეთის მერი ამბობს, რომ ასეთი განცხადება არ ახსოვს, თუმცა "რომ არ დაიცავდა ამ ქალბატონს [ნატო სუარიშვილი], ამაში ეჭვი არ შეეპაროს".

"მე შემეძლო შემემსუბუქებინა, მაგრამ მის შემთხვევაში არ გამომიყენებიაეს უფლებამოსილება. რადგან ის შეურაცხყოფას მაყენებდა არა მე, არამედ მთლიანად იმ სამსახურს, სადაც მუშაობდა. სასამართლოს ეზოებში ათენებდა და აღამებდა. ეს არ გამხდარა გათავისუფლების მიზეზი, უბრალოდ, მე მას თავდებად არ დავუდექი. მაგის გამო გათავისუფლება რომ მდომოდა, აქამდე გავაკეთებდი ამას. ელემენტარულია, თუ ჰქვია ჩემი წარმომადგენელი, ქუცნაშვილის ოფისში არ უნდა იღებდეს დირექტივებს", - ამბობს თამაზ მეჭიაური.

თიანეთის მერი პასუხობს "კაპოტზე ქეიფების" შესახებ ბრალდებებსაც. მისი თქმით, რამდენჯერმე ეს ზაქარია ქუცნაშვილის გამოსაჯავრებლად გააკეთა, თუმცა, ყოფილა კაპოტზე პროექტების განხილვის შემთხვევებიც.

"სხვათაშორის, კაპოტი მე არ მომიგონია, არსებობდა და ზოგი რისთვის იყენებდა, ზოგი რისთვის. ეს ქუცნაშვილისგან მოდის, წინასაარჩევნო კამპანიის დროს მან თქვა, რომ კაპოტზე მოქეიფეების დრო წავიდა. მაგის გამოსაჯავრებლად ერთი-ორჯერ, როცა მოვიგეთ არჩევნები, აღვნიშნეთ რა კაპოტზეც. იყო ასეთი ხუმრობებიც - კაპოტის ფასმა დაშლილ ნაწილებში ახალი მანქანის ფასს მიაღწია. პროექტებსაც განვიხილავთ ხოლმე კაპოტზე, ასეც ხდება, გარეთ როცა ხარ გამოსული და გზის იქით, ბუნებრივად მოხდება ხოლმე ეს ყველაფერი, ეს ჩვენი მოგონილი არ არის", - აცხადებს მეჭიაური.

რაც შეეხება გათავისუფლებული თანამშრომლების ბრალდებას ღამის 04:00 საათზე გათავისუფლების შესახებ, თამაზ მეჭიაურის თქმით, მათ მანამდე შეტყობინებები გაეგზავნათ, ამის შემდეგ კი ფეისბუქით მიმართა, რადგან გადაწყვეტილებების სიმრავლის გამო, მათი ატვირთვა გვიანდებოდა.

თიანეთის მერს, თამაზ მეჭიაურს პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებენ.

მერიის თანამშრომლები აცხადებენ, რომ თამაზ მეჭიაური მათ სამსახურში გაუსაძლის პირობებს უქმნიდა, რათა სამუშაო საკუთარი ნებით დაეტოვებინათ, დღეს კი გაათავისუფლა.

მიუხედავად იმისა, რომ მართლაც სრულად ვიზიარებთ პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" კურსსა და მიზნებს და პირადად ვართ ბოლო 4-წლიანი აღმშენებლობის პროცესის მონაწილეები, ვერ დასახელდება თუნდაც ერთი ფაქტი, როდესაც რომელიმე ჩვენთაგანმა, თავისი პოლიტიკური სიმპათიები ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი მიზნებისთვის ან სამუშაო დრო და რესურსი გამოიყენა პირადი თუ პარტიული მიზნებისთვის. გაუგებარია რისთვის ვისჯებით?! რატომ ხდება ჩვენი პოლოტიკური ნიშნით დისკრიმინაცია?!", - აცხადებენ თიანეთის მერიის ყოფილი თანაშრომლები.

მათივე ინფორმაციით, თამაზ მეჭიაურმა თანამშრომლები შეშით არ მოამარაგა, რის გამოც, გაუსაძლის ყინვაში უხდებოდათ მუშაობა. გარდა ამისა, გათავისუფლებული თანამშრომლები აცხადებენ, რომ თიანეთის მერმა "კაპოტზე ქეიფი" მისაბაძ საქციელად აქცია.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 21 ოქტომბერის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ, თიანეთის მე-20 საარჩევნო უბანზე 5 ხმა ბათილად ცნეს, შედეგად უბანზე თამაზ მეჭიაური იმარჯვებდა. მოგვიანებით საუბნო კომისიამ გადაწყვეტილება შეცვალა და ბიულეტენები აღადგინა, რის გამოც მეჭიაური დამარცხდა. მან მცხეთის რაიონულ სასამართლოს მიმართა, რომელმაც მეჭიაურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილება თიანეთის მერობის "ქართული ოცნების" კანდიდატმა, ლელა ქიტესაშვილმა გაასაჩივრა, თუმცა, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და შედეგად, თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური გახდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებამდე თიანეთის მაჟორიტარ დეპუტატ, ზაქარია ქუცნაშვილმა და თამაზ მეჭიაურმა შორის, რომელიც 2016 წლამდე ასევე "ქართული ოცნების" წევრი იყო, რუსთავი 2-ის ეთერში ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ქუცნაშვილის თქმით, "გალოთებული მეჭიაური ბიძინასთან ვაჭრობით მოხვდა ქართულ ოცნებაში", მეჭიაურის განცხადებით კი, მან ქუცნაშვილი "2-ოთახიანი ხრუშოვკიდან" მიიყვანა პარლამენტში.

კომენტარები