თამაზ მეჭიაური

თიანეთის მერიის თანამშრომლები მეჭიაურის წინააღმდეგ - კაპოტზე ქეიფი მისაბაძად აქცია

თიანეთის მერს, თამაზ მეჭიაურს პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებენ.

მერიის თანამშრომლები აცხადებენ, რომ თამაზ მეჭიაური მათ სამსახურში გაუსაძლის პირობებს უქმნიდა, რათა სამუშაო საკუთარი ნებით დაეტოვებინათ, დღეს კი გაათავისუფლა.

ნატო სუარიშვილის, გრიგოლ კახოშვილის და კახაბერ კუჭავას განცხადებით, თამაზ მეჭიაური თანამშრომლებს იგნორირებას უკეთებს და ამის მიზეზი მხოლოდ ისაა, რომ მათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მხარი "ქართულ ოცნებას" დაუჭირეს. ისინი ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც მერი მოვალეობის შესრულებას შეუდგა, არც ერთი სამუშაო თათბირი არ ჩატარებულა.

თიანეთის მერიის თანამშრომლების ინფორმაციით, ადმინისტრაციაში მხოლოდ ორჯერ გამოიძახეს - ერთხელ მოსალოდნელი რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების, ხოლო მეორედ მათ მიმართ დაწყებული დისციპლინური წარმოების შესახებ გააფრთხილეს.

"ასე შეურაცხყოფილად, დამცირებულად და უფლებაჩამორთმეულად არასოდეს გვიგვრძვნია თავი და ეს ყველაფერი მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ჩვენ წინასაარჩევნოდ პარტია ქართული ოცნების კანდიდატს დავუჭირეთ მხარი და არა მას.

მიუხედავად იმისა, რომ მართლაც სრულად ვიზიარებთ პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" კურსსა და მიზნებს და პირადად ვართ ბოლო 4-წლიანი აღმშენებლობის პროცესის მონაწილეები, ვერ დასახელდება თუნდაც ერთი ფაქტი, როდესაც რომელიმე ჩვენთაგანმა, თავისი პოლიტიკური სიმპათიები ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი მიზნებისთვის ან სამუშაო დრო და რესურსი გამოიყენა პირადი თუ პარტიული მიზნებისთვის. გაუგებარია რისთვის ვისჯებით?! რატომ ხდება ჩვენი პოლოტიკური ნიშნით დისკრიმინაცია?!", - აცხადებენ თიანეთის მერიის თანაშრომლები.

მათივე ინფორმაციით, თამაზ მეჭიაურმა თანამშრომლები შეშით არ მოამარაგა, რის გამოც, გაუსაძლის ყინვაში უხდებოდათ მუშაობა.

"მიუხედავად იმისა, რომ საშეშე მერქნის შესასყიდად, თანხა, 4900 ლარი ბიუჯეტში დახვდა, შეგნებულად არ მოგვამარაგა შეშით. ზამთარი გავატარეთ გაუსაძლის სამუშაო პირობებში. მიუხედავად თიანეთის მკაცრი კლიმატისა, დილის 09:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე, ყინვაში გვიწევდა სამუშაო ადგილებზე ყოფნა, რადგან აუდიტის სამსახურის მეშვეობით, ხდება ჩვენი სამსახურებში დასწრების გაკონტროლება. სამსახურში არყოფნის შემთხვევაში კი ამ ფაქტს სამსახურიდან გაშვების საბაბად გამოიყენებენ. ჩვენდამი ასეთი დისკრიმინაციული დამოკიდებულების მიზეზად, მან მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, დაასახელა ის ფაქტი, რომ ჩვენ ვართ პარტია "ქართული ოცნების" აქტივისტები", - აცხადებენ ისინი.

გათავისუფლებული თანამშრომლების თქმით, მათი პოლიტიკური დევნა თამაზ მეჭიაურმა 2017 წელს, გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში დააანონსა.

"N44 ნომერში, ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის კითხვაზე: "თიანეთის გამგეობიდან ქიტესაშვილის კადრებს გაყრით?" - მან უპასუხა: "აუცილებლად გავათავისუფლებ იმ ქალბატონს, რომელიც ტელევიზიით გაჰკიოდა -ხელისუფლებაში ლოთები მოვიდნენო! იმას რომ რწმუნებულად არ დავტოვებ, ეჭვი ხომ არ ეპარება? წავიდეს და იდავოს სასამართლოში!"-ო. დანაპირები დღეს გამთენიისას, 04:00 საათზე შეასრულა", - აცხადებენ ისინი.

ნატო სუარიშვილის, გრიგოლ კახოშვილის და კახაბერ კუჭავას თქმით, თამაზ მეჭიაურმა "კაპოტზე ქეიფი" მისაბაძ საქციელად აქცია.

"დიახ ბატონებო! ბატონმა თამაზ მეჭიაურმა "კაპოტზე ქეიფი" მისაბაძ საქციელად აქცია. მერი და მისი გუნდის წევრები მართლაც ლოთობენ და ამის მაგალითს სხვებსაც აძლევენ. სოფ. ზარიძეებში ე.წ. "ბირჟაზე" მდგარი სასმლის მოყვარული საზოგადოება, ხშირად იღებენ მისგან (თბილისიდან სამსახურში მომავალისგან) სასმელს და საჭმელს (დასაყოლებელს) და სკოლისა და საბავშვო ბაღის წინ ხდება ეს ყოველივე, რითაც ახალგაზრდობას ძალიან ცუდ მაგალითს აძლევენ. ამ ამორალური საქციელის დაგმობა კი ჩვენ სამსახურის დატოვების ფასად დაგვიჯდა.

განაწყენებულმა მერმა წარმომადგენლების მიმართ წამოიწყო დისციპლინური წარმოება, რომელიც პირველი დღიდან ბოლო დღემდე მიმდინარეობდა დარღვევებით. წარმოების დამთავრებამდე არც კი გაგვაცნეს საქმის მასალები. მიუხედავად თავისივე დანიშნული დისციპლინური კომისიის დადებითი დასკვნისა, (ხმათა უმრავლესობით 4/3 ზე), და იმ ფაქტისა, რომ წარდგენილი გადაცდომების არც ერთი ფაქტი არ დადასტურდა, გამოიტანა არათანაზომიერი გადაწყვეტილება და წუხელ გამთენიისას, 04:00 საათზე გაგვათავისუფლა სამსახურიდან. ამის შესახებ კი სოციალური ქსელის პირდაპირი ეთერით გვამცნო. ჩვენს ადგილებზე კი დღესვე დანიშნა საკუთარი პარტიული სიის წარმომადგენლები", - აცხადებენ თიანეთის მერიიდან გათავისუფლებული თანამშრომლები.

როგორც ნატო სუარაშვილმა ტაბულას უთხრა, მათი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსის მინიჭება გახდა. მისი თქმით, ედავებიან, რომ რამდენიმე ადამიანზე არასწორი დასკვნა გაიცა.

კიდევ ერთი ბრალდება, რომელსაც აწ უკვე გათავისუფლებული თანაშრომლები თამაზ მეჭიაურს უყენებენ, უწყებაში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგნენლის დაბრუნებაა.

"მოადგილედ დაინიშნა "ნაციონალური მოძრაობის" თიანეთის ფრთის მედროშე, 2009-2012 წლებში გამგებლის მოადგილე, თამაზ იარაჯული, რომელმაც ასევე თავის მხრივ გამოაცოცხლა და თავის რიგებში დააბრუნა იმ პერიოდის მაღალჩინოსნები და მათი მხარდამჭერები! ეს თიანელი და ზოგადად ქართველი ხალხის ნებისა და არჩევანის შეურაცხყოფაა!", - აცხადებენ თიანეთის მერიიდან გათავისუფლებული თანამშრომლები.

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები ზარიძეების, ტუშურების და სიონის ადმინისტრაციულ ერთეულებში ღია წერილით მიმართავენ საქართველოს პრემიერმინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და სახელმწიფო რწმუნებულს მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში.

"გთხოვთ განიხილოთ ჩვენი წერილი და იმსჯელოთ თიანეთის მერიაში გაბატონებულ მასობრივი დისკრიმინაციის ფაქტებთან დაკავშირებით. დროა, ყველა კომპეტენტურმა პირმა ხმა აღიმაღლოს ამ უსამართლობის წინააღმდეგ, თორემ ცოტა ხანში თიანეთის მუნიციპალიტეტში აღვირახსნილობა დაისადგურებს!!!", - აცხადებენ მერიის ყოფილი თანამშრომლები.

ტაბულა ცდილობს თიანეთის მერთან, თამაზ მეჭიაურთან დაკავშირებასაც. მის კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 21 ოქტომბერის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ, თიანეთის მე-20 საარჩევნო უბანზე 5 ხმა ბათილად ცნეს, შედეგად უბანზე თამაზ მეჭიაური იმარჯვებდა. მოგვიანებით საუბნო კომისიამ გადაწყვეტილება შეცვალა და ბიულეტენები აღადგინა, რის გამოც მეჭიაური დამარცხდა. მან მცხეთის რაიონულ სასამართლოს მიმართა, რომელმაც მეჭიაურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილება თიანეთის მერობის "ქართული ოცნების" კანდიდატმა, ლელა ქიტესაშვილმა გაასაჩივრა, თუმცა, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და შედეგად, თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური გახდა.

კომენტარები