ბათუმის საქალაქო სასამართლო

კოჟორიძე: მოსამართლეზე ზეწოლის შესახებ განცხადებებით გამოძიება უნდა დაინტერესდეს

კახა კოჟორიძე - მოსამართლე ირაკლი შავაძის სამოსამართლო საქმიანობაში ჩარევასთან დაკავშირებული განცხადებებით საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ

უნდა გავიაზროთ, რომ მართლმსაჯულების სისტემის დამოკიდებულება თითოეული მოსამართლის დამოუკიდებლობაზე და დაცულობაზე დგას. რამდენიმე დღის წინ, პირადად შევხვდი მოსამართლე შავაძეს და ვესაუბრე ამ საკითხზე. ის საუბრობს იმაზე, რაზეც უკვე საჯაროდ საუბრობს რამდენიმე დღეა. ის, რომ მოსამართლის საქმიანობაში ჩარევა, გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მიღების მიზნით, კონსტიტუციური პრინციპისა და ამავდროულად, "სისხლის სამართლის კოდექსის" დარღვევაა, ეს პირდაპირ წერია ჩვენს კანონმდებლობაში.

ახლა საკითხია რა რეაგირება ექნებათ შესაბამის ორგანოებს ამ საკითხზე. მხოლოდ ის, რომ დღეს ამ საკითხზე იუსტიციის საბჭო იმსჯელებს ვერ იქნება საკმარისი პასუხი, რადგან რაზეც მოსამართლე შავაძე საუბრობს, შეიცავს დანაშაული ნიშნებს, ამიტომ საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ ამ საკითხით.

ცოტა უცნაურია, რომ ათ დღეზე მეტია უკვე გასული და ჯერჯერობით საზოგადოებამ ასეთ მნიშვნელოვან დარღვევებზე ისიც კი არ იცის, დაიწყო თუ არა გამოძიება.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში, კახა კოჟორიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძის განცხადებას ეხმაურება. შავაძე სასამართლოს თავმჯდომარეს, დავით მამისეიშვილს ზეწოლაში ადანაშაულებს.

კომენტარები