მთავრობა: თუ საჭირო გახდა, დაშავებულ ბავშვებს სამკურნალოდ უცხოეთში გადავიყვანთ

საქართველოს მთავრობა

"ყველა შესაბამისი უწყება მზად არის, რომ საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იყოს დაშავებული ბავშვების საზღვარგარეთ გადაყვანა" - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ეს დავალება პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გასცა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბარათაშვილის ქუჩაზე მინის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულებთან დაკავშირებით, ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია.

"არასრულწლოვნები ამჟამად სამედიცინო დაწესებულებებში იმყოფებიან, სადაც მათ შესაბამისი გამოკვლევები და მკურნალობა უტარდებათ.

პრემიერმინისტრი მუდმივ რეჟიმში იღებს ინფორმაციას არასრულწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ" - აცხადებს საქართველოს მთავრობა.

ბარათაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი შენობის ფასადიდან მინა რამდენიმე საათის წინ ჩამოვარდა. შედეგად ქვეითად მოსიარულე 6 არასრულწლოვანი დაშავდა. ექვსივე მათგანი #70-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. ერთ-ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას ოპერაციას ნეიროქირურგი უკეთებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები