აფგან მუხთარლი

მდინარაძე მუხთარლიზე: გამოსაძიებელია, მართლა მოხდა თუ არა თავდასხმა, გატაცება

მეორე არხი

ქართული ოცნების წევრი, მამუკა მდინარაძე თვლის, რომ აფგან მუხთარლის საქმეში გამოსაძიებელია, მართლა გაიტაცეს თუ არა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი. მისი თქმით, ევროპული საქართველოს წევრების მიდგომა, რომ მომხდარის თავისთავად გატაცებად და თავდასხმად მიჩნევა არასწორია. 

ამის შესახებ დეპუტატმა პარლამენტში თქვა, სადაც მუხთარლის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნეს შესახებ ევროპული საქართველოს ინიციატივას განიხილავენ. 

"ყურადღებით ვისმენდი თითოეულ სიტყვას, რომელიც თქვენ ამ ე.წ. პრეზენტაციის დროს წარმოადგინეთ დღეს. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგი იურისტები გყავთ რიგებში, ნამდვილად არ მეგონა, რომ ამდენთვიანი მოთხოვნის შემდეგ ასეთი მოუმზადებლები იქნებოდით ამ საკითხის მიმართ. 

ყველა თქვენი არგუმენტი იყო პოლიტიკური. თქვენ ჩვენს მეგობრებს და თანაგუნდელებს რომ შეუტიეთ აქ და ირონიაც იყო ამ ყველაფერში, მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად სწორად გითხრათ ბატონმა ნუკრი ქანთარიამ, როდესაც მან ბრძანა, რომ ამის შედეგი, თქვენი მოლოდინით, არის პოლიტიკური შოუ. ამ საქმეში კითხვის ნიშნები მართლაც არსებობს, დაგეთანხმებით, ამ კითხვებს მართლა უნდა გაეცეს პასუხი, საზოგადოებას კითხვები აქვს, არის გარკვეული ვერსიებიც, ეჭვებიც, მაგრამ არა ისე, როგორც თქვენ ჩაწერეთ სათაურში. ბოლო გამომსვლელს, ქალბატონ ქებურიას მინდა შევახსენო, თქვენ საუბრობთ დანაშაულის სუბიექტებზე, სუბიექტები არ ვიცითო და ამიტომ უნდა შეიქმნას კომისიაო, მაგრამ აპრიორში მიიჩნევთ, რომ ფაქტი არის ის, რომ მოხდა თავდასხმა, გატაცება. ესეც გამოსაძიებელია სინამდვილეში. როდესაც მე წარმომდგენს ვეკითხებოდი იმის შესახებ, რომ რას გააკეთებს კომისია განსხვავებულს პროკურატურისგან, აქაც, პოლიტიკური პასუხები მოვისმინეთ, სამწუხაროდ. ვერ მოვისმინეთ სამართლებრივი პროცედურა, რა სამართლებრივი მექანიზმებით, პროცედურებით და საპროცესო მოქმედებებით უნდა მივიდეთ რაღაც შედეგამდე”, - თქვა მდინარაძემ

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა, 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს გაირკვა, რომ ის ბაქოში დაკავებული ჰყავდათ. თუმცა მისი პასპორტი თბილისში მის ცოლს ჰქონდა. მოგვიანებით ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს.

აფგან მუხთარლის ბაქოს სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა 12 იანვარს მიუსაჯა. ჟურნალისტს ბრალად სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, საზღვრის უკანონო კვეთა და კონტრაბანდის გადატანა ედება.

აფგან  მუხთარლის და ლეილა მუსტაფაევას საქმეს საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოც განიხილავს. სასამართლომ საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა. მუხთარლის ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტების მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის, სულ მცირე, 10 მუხლი დაირღვა.

კომენტარები