რუსეთი-სირია

აშშ-ის დაზვერვა: "პუტინის მზარეულს" ასადთან, კრემლთან და "ვაგნერთან" აქვს კავშირი

Misha Japaridze / New York Times

გავრცელებული ცნობით რუს ოლიგარქს, "პუტინის მზარეულის" მეტსახელით ცნობილ ევგენი პრიგოჟინს 7 თებერვალს სირიის დირ ეზ-ზურის პროვინციაში ასადის ძალებს და მათ მხარეს მებრძოლ რუს დაქირავებულ სამხედროებსა და აშშ-ის კოალიციის ძალებს შორის შეტაკებამდე კრემლთან და სირიის ოფიციალურ პირებთან ინტენსიური კონტაქტი ჰქონდა.

აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ პრიგოჟინი სირიაში მებრძოლ კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერს" აკონტროლებს, რომელიც ბაშარ ალ-ასადის ძალებთან ერთად იბრძვის.

აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით პრიგოჟინი სირიის ოფიციალურ პირებს დაუკავშირდა და უთხრა, რომ რუსი მინისტრისაგან, რომელის ვინაობა არ კონკრეტდება, თებერვლის დასაწყისში "სწრაფი და ძლიერი" წინსვლის ინიციატივის განხორციელების უფლება მოიპოვა.

სირიის საპრეზიდენტო საქმეების მინისტრთან, მანსურ ფადლალაჰ აზამთან საუბარში მან ასევე მიანიშნა, რომ ასადისათვის "კარგი სიურპრიზი" ჰქონდა, რომელიც თებერვლის დასაწყისში გამოჩნდებოდა, რის შემდეგაც სირიის მხარემ ის დაარწმუნა, რომ სანაცვლოდ გასამრჯელოს მიიღებდა. იმავე პერიოდში პრიგოჟინს აქტიური კონტაქტი ჰქონდა კრემლის კადრების უფროსთან ანტონ ვაინოსთან და მის მოადგილესთან, ვლადიმირ ოსტროვენკოსთან. კომუნიკაცია მიმდინარე წლის იანვრიდან 5 თებერვლამდე გრძელდებოდა და 7 თებერვლის თავდასხმის შემდეგ განახლდა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიხედვით პრიგოჟინი ფლობს რუსულ კომპანია Evro Polis-ს, რომელმაც, სანქტ-პეტერბურგის გაზეთ Fontanka-ს მიხედვით, 2016 წელს სირიის მთავრობასთან შეთანხმებას მიაღწია ე.წ. ისლამური სახელმწიფოსაგან გამოხსნილი ნავთობისა და გაზის საბადოებიდან მიღებული მოგების 25%-ის მიღების თაობაზე. ამ საბადოთა დიდი ნაწილი მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ სანაპიროზეა, სადაც აშშ-ის კოალიციის მიერ მხარდაჭერილი სირიის დემოკრატიული ძალების მოქმედებენ.

შეგახსენებთ, რომ 7 თებერვალს სირიაში, დირ ეზ-ზურის პროვინციაში აშშ-ის კოალიციასა და ასადის რეჟიმის ძალებს შორის შეტაკების შედეგად, გავრცელებული ცნობით, ასადის ძალების მხარეს მებრძოლი დაქირავებული რუსი მეომრები დაღუპნენ. 8 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ჯეიმზ მეტისმა განაცხადა, რომ კოალიციის ძალები თავს იცავდნენ, და მათი ინფორმაციით, იმ ტერიტორიაზე რუსული ძალები არ იმყოფებოდნენ. კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ იქ რუსეთის ძალები არ იყვნენ, ხოლო დაქირავებულ სამხედროებზე კრემლს ინფორმაცია არ ჰქონდა. რუსული მხარე მხოლოდ 5 რუსი მებრძოლის დაღუპვას ადასტურებს, რომელთაც, მათი თქმით რუსულ სამხედრო ძალებთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ. Reuters-ი რუს სამხედრო ექიმზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაღუპულ რუს მებრძოლთა რიცხვი 100-მდე აღწევს და ჯამში 300-მდე რუსი მებრძოლი დაიჭრა ან დაიღუპა.

პრიგოჟინი რობერტ მიულერის სპეციალურმა გამოძიებამ 2016 წელის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში ბრალდებული ჯგუფის, ინტერნეტის კვლევის სააგენტოს ფინანსურ მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

პრიგოჟინმა "პუტინის მზარეულის" ზედმეტსახელი კრემლის საკვებით მომმარაგებელი კომპანიის ფლობისათვის დაიმსახურა. ის აშშ-ის სანქციების სიაში რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ბიზნეს კავშირების გამო მოხვდა. პრიგოჟინი კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ლიდერ დმიტრი უტკინთან Fontanka-ს ჟურნალისტურმა გამოძიებამაც დააკავშირა, თუმცა პრიგოჟინმა უტკინთან და "ვაგნერთან" რაიმე სახის კავშირი უარყო.

სირიაში მოქმედი რუსული კერძო სამხედრო კომპანიების და კრემლთან მათი კავშირების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები