ახალი დეპარტამენტი შსს-ში

მეზვრიშვილი: ვისაც არ უყვართ ბავშვები, სპეციალიზებული გამომძიებლები ვერ გახდებიან

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროში შემქნილ ახალ დეპარტამენტში სპეციალიზებული გამომძიებლები იმუშავებენ, თუმცა როგორც მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ამბობს სპეციალიზებული გამომძიებლები ვერ გახდებიან ისინი, "ვისაც არ უყვართ ბავშვები, ან არ არიან სენსიტიურები ქალთა მიმართ ძალადობაზე". მინისტრის მოადგილემ ეს განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაციაზე გააკეთა. 

"კონკურსში მონაწილეობა სამინისტროში დასაქმებულ თანამშრომლებს შეუძლიათ, რადგან ჩვენ გვჭირდება გამოცდილი კადრები იმისთვის, რომ მონიტორინგი იყოს ეფექტური. კონკურსში მონაწილეობა ასევე შეუძლია სამინისტროს გარედან ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით გამოცდილება გააჩნია. გვინდა გარკვეული წახალისება მოვახდინოთ, პირველ რიგში ჩვენი თანამშრომლების, რომ ეს ადამიანები დავაინტერესოთ გახდნენ სპეციალიზებული გამომძიებელები. სპეციალიზებული გამომძიებლები ვერ გახდებიან ისინი, ვინც არ არიან სენსიტიურები საკითხის მიმართ. მაგალითად, ვერ გახდებიან ისეთი გამომძიებლები, რომლებსაც არ უყვართ ბავშვები, ან არ არიან სენსიტიურები ქალთა მიმართ ძალადობაზე." - ამბობს მეზვრიშვილი. 

შსს-ს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი 2018 წლის 11 იანვარს შეიქმნა და მას ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგი ევალება.

უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ დეპარტამენტი ხარვეზების იდენტიფიცირებას, მათი აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციის შემუშავებას და პრაქტიკაში დანერგვას უზრუნველყოფს.

ამ დრომდე უცნობია ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის ვინაობა, მათ შს მინისტრი ნიშნავს. მიმდინარეობს კონკურსი დეპარტამენტში სხვა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად. შსს-ს ინფორმაციით, დეპარტამენტში სულ 12 ადამიანი დასაქმდება.

კომენტარები