კრიმინალი

მომღერალს, რომელმაც რესტორანში ოთხი ადამიანი დაჭრა, პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გმირთა მოედნის ტერიტორიაზე, ოთხი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულ საბა სამუშიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულს ბრალი სამი მუხლით აქვს წარდგენილი - 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება), 118-ე მუხლის მესამე ნაწილით (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება) და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით ( ხულიგნობა, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით). 

რესტორანში ოთხი ადამიანი დაბადების დღეზე მიწვეულმა მომღერალმა დაჭრა. შემთხვევა სამი დღის წინ, გმირთა მოედნის ტერიტორიაზე მოხდა. ერთი დაჭრილი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება და მისი მდგომარეობა მძიმეა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 17 იანვარს, დაახლოებით 23 საათსა და 50 წუთზე, ქ. თბილისში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ რესტორან "აღა“-ში, საბა სამუშიამ იქ მყოფ საზოგადოებას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მან დანის გამოყენებით რ.ბ.- ს მარჯვენა ფეხის მიდამოში მიაყენა ნაკვეთი ჭრილობები, რამაც კუნთის დაზიანება გამოიწვია და ჩაუტარდა ოპერაცია, დ.ქ. - ს დაარტყა დანა მარცხენა კოჭის არეში და მიაყენა ნაკვეთი ჭრილობა, მ.მ. - ს მარცხენა მუხლის უკანა ნაწილში მიაყენა ნაკვეთი ჭრილობა, ხოლო მ.ბ-ს, ასევე დანის გამოყენებით ფეხისა და წინამხრის არეში მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება" - აცხადებს პროკურატურა.

რუსთავი 2-თან დაჭრილის მამა ყვება, რომ ურთიერთშელაპარაკება რესტორანში სცენაზე იუბილარის მეგობრებსა და მიწვეულ მომღერალს შორის, სიმღერის შესრულების დროს დაიწყო.

კომენტარები