რუსეთი-დიდი ბრიტანეთი

ბორის ჯონსონი ლავროვს: რუსეთში გაყიდული 300 ბენტლი პროგრესის ნიშანია

Skynews

გასულ კვირას ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბორის ჯონსონი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა. ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა.

ჯონსონმა ეს ვიზიტი მიმდინრე წელს სირიაში განვითარებული მოვლენების გამო ორჯერ გადადო.

მოსკოვში ჩასვლამდე ბორის ჯონსონმა რუსეთი უკრაინის და სირიის საკითხებზე, ასევე დასავლეთზე კიბერ თავდასხმებზე და ყირიმის ანექსიაზე გააკრიტიკა.

მისი თქმით დიდი ბრიტანეთი "მზადაა და შესაძლებლობაც აქვს" საპასუხო კიბერ თავდასხმები განახორციელოს, თუ რუსი ჰაკერები დასავლურ ელეტრო სადგურებს და საკომუნიკაციო კავშირებს კვლავ ამოიღებენ მიზანში და კვლავ ცდიან არჩევნებზე გავლენის მოხდენას ან დეზინფორმაციის გავრცელებას.

ჯონსონის თქმით რუსეთი დიდი ბრიტანეთისადმი ახლა უფრო მტრულად იქცევა, ვიდრე ცივი ომის შემდგომ ნებისმიერ პერიოდში.

შეხვედრისას ლავროვმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ქვედა ზღვარზეა და რომ განსხვავებები კონფიდენციალურად უნდა გაჟღერდეს და არა მედიასთან.

"თქვენ გირჩევნიათ ისაუბროთ ამ მიზეზებზე საჯაროდ მაშინ, როდესაც ჩვენ გვირჩევნია ჩვენს საერთო პრობლემებზე მიკროფონთან და ტრიბუნასთან ლაპარაკის ნაცვლად პირისპირ ვისაუბროთ." უთხრა ლავროვმა ჯონსონს.

ლავროვმა ასევე თქვა, რომ ჯონსონისადმი ნდობა აქვს, თუმცა "არ ახსენდება რუსეთის არცერთი ქმედება, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მიმართ აგრესიული იქნებოდა."

"ჩვენ გვესმის აგრესიული განცხადებები ლონდონიდან. ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ არასდროს მიგვიღია საპასუხო აგრესიული ქმედებები."

მან უარყო ჯონსონის ბრალდებები რუსეთის მხრიდან ბრექსითის რეფერენდუმში ჩარევის მცდელობის თაობაზე.

"ჩემი აზრით თქვენ ეს ყველაფერი თქვენს დასავლურ საზოგადოებაში მოიგონეთ და სამწუხაროდ ახლა ამის ტყვე ხართ. თქვენთვის ძალიან რთულია ჩამოხვიდეთ იმ ღობიდან, რომელზეც აძვერით."

ჯონსონის თქმით მართალია, რომ რუსეთისა და ბრიტანეთის ურთიერთობებში სირთულეებს ქმნის აზრთა სხვადასხვაობა უკრაინის, ბალკანეთის და კიბერ სივრცის საკითხებზე, თუმცა არსებობს საერთო ინტერესის საკითხებიც, მაგალითად ირანის ბირთვული შეთანხმების გაგრძელება, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის შეჩერება და სირიაში პროგრესის მიღწევა.

ჯონსონმა ასევე აღნიშნა სავაჭრო კავშირები ორ ქვეყანას შორის. მისი თქმით მოხარულია, რომ ბრიტანული საქონლის ექსპორტი რუსეთში გაიზარდა, მაგალითად ჩიფსების და ბენტლის ავტომობილების.

"მიმდინარე წელს რუსეთში 300 ბენტლი გაიყიდა. ვფიქრობ არა აუცილებლად საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე, თუმცა ეს მაინც პროგრესის ნიშანია." თქვა მან.

შეხვედრის შემდგომ გამართულ პრეს კონფერენციაზე ლავროვმა ბორის ჯონსონზე თქვა, რომ "მას ეშინია, რომ თუ არ შემეწინააღმდეგება, სამშობლოში მისი რეპუტაცია განადგურდება"

"სერგეი, მე შენი რეპუტაცია მადარდებს." უპასუხა ჯონსონმა.

ჯონსონის თქმით მას ლავროვისადმი ის მიდგომა აქვს, რაც რონალდ რეიგანს ჰქონდა მიხეილ გორბაჩოვისადმი: "ენდე, მაგრამ გადაამოწმე."

ჯონსონმა იხუმრა, რომ ის იმდენად ენდობა ლავროვს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში მისვლისას ქურთუკი მიაწოდა ყველაფრით, რაც ჯიბეებში ედო, მათ შორის საიდუმლოებებით.

ამაზე ლავროვმა უპასუხა: "შემიძლია ვთქვა, რომ ბორისის ქურთუკის ჯიბეებში არაფერი იყო."

ლავროვთან შეხვედრის შემდეგ ბორის ჯონსონმა მოკლული რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის საფლავი ყვავილებით შეამკო და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს შეხვდა. რუსეთში Human Rights Watch-ის წარმომადგენლის თქმით კარგია, რომ ჯონსონმა მათთან შესახვედრად დრო გამონახა, თუმცა სამწუხაროდ მას ქვეყანაში არსებული სიტუაციის შესახებ მწირი ინფორმაცია აქვს.

მოსკოვის დატოვებამდე ჯონსონი პლეხანოვის უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა და თავისუფალი საზოგადოების ღირსებებზე ისაუბრა.

"ლიბერალური და თავისუფალი საზოგადოება მეტად წარმატებული და აყვავებულია და ამასთანავე მეტად ტოლერანტული" უთხრა მან რუს სტუდენტებს.

კომენტარები