რუსეთი

სატირულმა ფილმმა "სტალინის სიკვდილი" რუსეთში უკმაყოფილება გამოიწვია

The Guardian

არმანდო იანუჩის კომედიურმა ბიოგრაფიულმა ფილმმა "სტალინის სიკვდილი" რუსეთში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. პოლიტიკური სატირა სტალინის სიკვდილის შემდეგ ძალაუფლებისათვის ბრძოლას აღწერს.

ფილმში ჯეისონ აიზეკსი (ჟუკოვი), სტივ ბუშემი (ხრუშოვი), მაიკლ პალინი (მოლოტოვი), საიმონ რასელ ბილი (ბერია) და სხვა ცნობილი მსახიობები თამაშობენ.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმმა კინოფესტივალებზე მოწონება დაიმსახურა, რუსი მაყურებლის ნაწილი ფილმის ტონით უკმაყოფილო დარჩა.

"არცერთი ადამიანის სიკვდილი არ არის კომედიის საგანი, განსაკუთრებით კი ქვეყნის მეთაურის და დიდი ლიდერის სიკვდილი. ომის დროს ის იყო დიდი ბრიტანეთის მოკავშირე ქვეყნის ლიდერი. წარმოგიდგენიათ, რომ რუსებმა დამცინავი ფილმი გადაიღონ ბრიტანეთის მონარქის სიკვდილზე?" განაცხადა ნაციონალისტური პარტია "დიდებული მამულის" დამფუძნებელმა ნიკოლაი სტარიკოვმა, რომელიც რუსეთის ისტორიის და მათ შორის სტალინის შესახებ არაერთი წიგნის ავტორია. სტრაიკოვის აზრით ფილმი "ანტი-რუსული საინფორმაციო ომის" ნაწილია და სტალინის ფიგურის დისკრედიტაციას ემსახურება.

გაზეთ "Vzglyad"-ში ფილმის საჯარო ჩვენების წინააღმდეგ მოწოდება დაიბეჭდა. გაზეთი ფილმს ბინძურ იმიტაციას უწოდებს "გარეშე პირების მიერ, ვინც არაფერი იცის რუსეთის ისტორიაზე".

ფილმზე კომენტარი მწერალმა ბორის აკუნინმაც (გრიგოლ ჩხარტიშვილი) გააკეთა. მისი თქმით ის ფილმმა გაანაწყენა.

"...თურმე შეიძლება ასე დაუნდობლად დასცინო დიდი და საშინელ ტანჯვას ჩვენი დიდი და საშინელი ისტორიისას..." "...თუმცა შემდეგ საბჭოთა კავშირს სხვისი თვალებით შევხედე. იმ მხრიდან, რომლიდანაც ახლა ჩვენ კიმ ჩენ ინს ვუყურებთ და ვიფიქრე, რომ შეიძლება, ზუსტად ასეთი დამოკიდებულება გვაკლია სტალინისადმი..." "...მე, ჩემი მშობლების და ბებია-ბაბუის განადგურებული ცხოვრების ცოცხალი მეხსიერებით, ეს არ გამომივა. იქნებ, ახალგაზრდებმა შეძლონ?"

რუსი რეჟისორის, რომან ვოლობუევის აზრით "თანამედროვე რუსეთი საკუთარი წარსულის მიმართ ძალიან ნევროტულია - უფრო მეტადაც, ვიდრე საბჭოთა კავშირი იყო...", "...საბჭოთა კავშირში ჩვენ გვქონდა კომედიები მეორე მსოფლიო ომის და ოქტომბრის რევოლუციის შესახებ. ახლა უეცრად ეს ყველაფერი ზედმეტად ხელშეუხებელია, "ჭრილობები ზედმეტად ახალია" და ა.შ. ამ პერიოდზე ფილმები უნდა იყოს ან ძალიან ნოსტალგიური, ან გმირული."

ივნისში რუსეთში Levada Centre-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში იმის შესახებ, თუ ვინ არის "ყველა ერის და დროის ყველაზე დიდი პიროვნება" პირველი ადგილი სტალინმა დაიკავა, მეორე პუტინმა, ხოლო მესამე პუშკინმა.

ცენტრის წარმომადგენლის თქმით სტალინის პოპულარობა განსაკუთრებით ყირიმის ანექსიის შემდეგ გაიზარდა.

"ეს დამთხვევა არ არის. [ყირიმის] მოვლენები ხალხმა ქვეყნის დიდების აღდგენის ნიშნად მიიღო - იმ დიდების, რომელიც ბევრის აზრით სტალინის მმართველობის დროს შეიქმნა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიკარგა." თქვა დენის ვოლკოვმა RBC-სთან ინტერვიუში.

რუსეთის კულტურის სამინისტრო არ აკონკრეტებს აიკრძალება თუ არა ფილმი რუსეთში.

კომენტარები